უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დარწმუნებულები ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას იმედი არ უნდა გაუცრუვდეს იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური ნება ალიანსის ყველა მოკავშირეს არ აქვს.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ – ნატო-ს წევრები და მოკავშირეები“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რეალისტურად იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში ვერ ხედავს.
