„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლის— კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს წინ უძღოდა გატაცება და საათობით გაგრძელებული ზეწოლა.
„ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან — სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად — ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ გატაცების ზუსტი ლოკაცია, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი 10 წლის შვილის სკოლისა და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით,“ — განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც იგი ბიძინა ივანიშვილის შვილს — უტა ივანიშვილს — მეორედ უხდის ბოდიშს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადებისთვის, რომელზეც საჯარო ბოდიში უკვე ჰქონდა მოხდილი.
