პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო გამოძიება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი მკვლელობის გეგმასა და მცდელობებზე – ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
ეპისკოპოსმა მისი მკვლელობის მცდელობაზე 8 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა. მისი ვერსიით ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა – გიორგი ჯამდელიანის თქმით, მონაზონი მან ეკლესიიდან გაუშვა, სახელმწიფოს წარმომადგენელი კი დაცვის წევრებთან ერთად ნაცემი და მონასტრიდან გაგდებულია, თუმცა მისი ლიკვიდაციის საფრთხე გადავლილი მაინც არ არის.
ეპისკოპოსი გიორგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.
2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს “ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია” უწოდა.
2020 წელს ის “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.
2025 წლის 28 მაისს ქადაგებაში მან მხარი დაუჭირა გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და თქვა, რომ სასჯელი, რომელსაც ის უკვე იხდის პატიმრობის სახით, შეუსაბამოდ მძიმეა.
ფორუმი
