როგორც მოსალოდნელი იყო, ლატვია, 3 ივნისს გამართული კენჭისყრის შედეგად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრად აირჩიეს. ბალტიის ამ ქვეყანამ გაერო-ს 178 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღო, რაც ბევრად აღემატება 129 ხმას, რომელიც 193-წევრიან გაერო-ში 2/3-იანი უმრავლესობის მიღებისთვის იყო საჭირო.
ეს ნიშნავს, რომ ლატვია, 2026 და 2027 წლებში, უშიშროების საბჭოს წევრი იქნება.
გაერო-ს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება. როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერო შეიქმნა, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად ხუთი ქვეყანა – საფრანგეთი, ჩინეთი, საბჭოთა კავშირი (ახლა – რუსეთის ფედერაცია), გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები – დადგინდა. დანარჩენი ათი წევრი, ორწლიანი ვადით, აირჩევა (ყოველ წელს – 5 ქვეყანა).
ლატვია იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან იყო წარდგენილი, რომელსაც ერთი კვოტა აქვს. ამიტომ, კენჭისყრის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგს ლატვიის ოფიციალური პირები კმაყოფილებით და აღტაცებით შეხვდნენ, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა (მანამდე გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები იყვნენ ესტონეთი და ლიეტუვა).
პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ ვიმუშავებთ მშვიდობიანი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და მდგრადი განვითარებისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ამ დღეს „ლატვიისთვის ისტორიული დღე“ უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ზუსტად იგივე გაიმეორა და დასძინა: „ჩვენთვის პატივია ასეთი ნდობის გამოცხადება. მზად ვართ, ვიტვირთოთ ეს პასუხისმგებლობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ“.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრად არჩევა ლატვიას ბევრმა ქვეყანამ მიულოცა.
ქვემოთ განთავსებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრად ლატვიის არჩევის ამსახველი ვიდეო, კენჭისყრის პროცედურიდან დაწყებული და ოფიციალური შედეგების გამოცხადებით დამთავრებული.
1tv.ge
