“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს.
ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ “რაღაც გარემოებები შეიქმნა”, რის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ, 7 წლის შემდეგ. თუმცა, არ განმარტავს, რა გარემოებებზეა საუბარი.
“ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად. რამდენიმე წლის წინ, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქ პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად, უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი არ მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიან. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს”, – განაცხადა იოსელიანმა.
2018 წელს, კოტე იოსელიანმა, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და მალევე, აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – თქვა იოსელიანმა ჯერ კიდევ 2018 წელს.
კოტე იოსელიანი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მათ შორის, არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი ბოლო საჯარო პოსტები 2020 წლით თარიღდება. 5 წლის შემდეგ მან პირველად დაპოსტა და სოციალურ ქსელში უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოსახდელად ვიდე ატვირთა.
ამავე თემაზე:
· კოტე იოსელიანმა ბოდიში მოიხადა, პარტია სხვა სახის რეაგირებას არ აპირებს -ენმ
