მაია ასათიანმა 3600 ლარიანი ინვესტიციით კოსმეტიკური ბრენდი M110 შექმნა – შედეგები და გეგმები (bm.ge)

ყოფილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი M110 დააარსა.
როგორც მან გადაცემა “საქმიანი დილის” რუბრიკაში „საქმიანები“ აღნიშნა, ბიზნესი ბავშვობის ინტერესებიდან და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო. ასათიანის თქმით, მისი მიზანი მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა იყო, რომელსაც ხელმისაწვდომ ფასად გაყიდდა.
ყოფილმა ტელეწამყვანმა და ახლა უკვე სტარტაპერმა, ბიზნესი 3600 ლარის ინვესტიციით გასულ წელს დაიწყო. დეკემბერში, პირველი პარტია – 100 ერთეულის მოცულობით აწარმოა, რომელიც, მისი თქმით, ერთ საღამოს გაიყიდა. ექვსი თვის თავზე კი, ბიზნესი მოგებაზე გავიდა, კომპანიამ გაფართოება დაიწყო და დღგ-ის გადამხდელიც გახდა.
„ტელევიზიაში დაბრუნების იმედი რომ მოკვდა, მივხვდი, ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. ამიტომ ჩემს თავს ვკითხე – რა მიყვარს? პასუხი მარტივი იყო. მინდოდა, რომ ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომ შეხედავდი „დიორი“ გგონებოდა, თუმცა რეალურად M110-ია და 79 ლარი ღირს“, – ამბობს მაია ასათიანი.
მისი თქმით, M110-ის პროდუქცია თავდაპირველად მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა, თუმცა ახლა, უკვე ქუთაისის, ზუგდიდისა და ს სილამაზის სალონებშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში პროდუქცია რამდენიმე სალონში იყიდება და ბრენდი გაფართოებას განაგრძობს.
ამჟამად ბრენდს აქვს სამი ხაზი, მათ შორის ერთ-ერთი – მარგალიტის ხაზი: “იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მიწოდება ვერ ეწევა მოთხოვნას. უახლოეს მომავალში 24-კარატიანი ოქროს ხაზს ველოდები, რომელიც რუჯზე განსაკუთრებულად ჯდება. ასევე, ტანის მოვლის საშუალებების დამატებაზეც ვფიქრობ”, – თქვა მან.
წარმოება საქართველოში გადაწყდა. ასათიანმა ISO სერტიფიცირებული ლაბორატორია Comfort Academy იპოვა, სადაც პროდუქციის ფორმულები მუშავდება.
მაია ასათიანის სამომავლო მიზანია M110-ის საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენა და კოსმეტიკური ხაზის გლობალური ბაზრისთვის გაცნობა: „მინდა, ჩემმა ბრენდმა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება მიიპყროს. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ ჩემს პროდუქტს პროფესიონალები“, – აცხადებს ის.