რა ქონებას ფლობს შს ახალი მინისტრი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალდანიშნული უფროსის მოადგილე გელა გელაძე ორ თვეში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. 2025 წლის 28 მაისს ის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. მანამდე ეს თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა დატოვა.
43 წლის ვახტანგ გელაძე მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში – 2008-2010 წლებში. სხვა შემთხვევაში ის მუდმივად საჯარო მოხელე იყო, მაღალ თანამდებობაზე კი პირველად 2010 წელს დაინიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ. მაშინ ის 28 წლის იყო.
საპოლიციო სისტემაში კი გელა გელაძე 2004 წლიდან მუშაობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის სოდის გამომძიებელი იყო. ამ დროიდან დღემდე კარიერულ წინსვლასთან ერთად მას მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეუძენია, გამდიდრებულა.
დეკლარაციის თანახმად, მინისტრ გელა გელაძის ოჯახი თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების სახლებს, ბინებს, კომერციულ ფართობებს და მიწებს ფლობს საქართველოში. თუმცა, შეიძლება ეს არ იყოს საბოლოო მონაცემი, რადგან ამ დეკლარაციაში მინისტრს არ აქვს მითითებული, მაგალითად, მშენებარე სახლებისა თუ საკუთრებაში არსებული ყველა იმ ქონების ღირებულება, რასაც ოჯახი ფლობს.
გარდა ამისა, მინისტრს და მისი მეუღლეს დანაზოგის სახით და დეპოზიტებზე 600 ათას ლარამდე თანხა აქვთ.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალი შს მინისტრის ოჯახის საკუთრებაშია ორი საცხოვრებელი სახლი, ჯამში 700 კვ.მეტრზე მეტი. 4 მიწის ნაკვეთი, 5 ბინა, 2 კომერციული ფართობი და სამი ავტოფარეხია. სოლიდურია მისი ყოველწლიური დანახარჯებიც, თუმცა ბევრად სოლიდური უნდა იყოს სამშენებლო ხარჯები, რაზეც გელა გელაძე დეკლარაციებში არ უთითებს.
მინისტრის მეუღლე 105 000 ევროდ ნაყიდი ავტომანქანით გადაადგილდება, თავად მინისტრს კი ავტომანქანაში 70 000 დოლარი გადაუხდია . 2023 წელს მოგზაურობისთვის 27 000 ლარი დახარჯეს, შვილის სწავლის გადასახადის სახით მინისტრმა LLP UNIVERSITY OF EXETER-ში 33 519 გირვანქა-სტერლინგი, ხოლო უმცროსი შვილის სწავლის საფასურის სახით ევროპულ სკოლაში 7000 ევრო გადაიხადა.
· შს მინისტრის მეუღლის ქონება
ახალი შს მინისტრის მეუღლემ, ნათია ელიზბარაშვილმა, დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს თბილისში, ინოვაციების ქუჩაზე 168 კვადრატული მეტრი მშენებარე ბინა და ორი ავტოფარეხი იყიდა, რაშიც ჯამში 228 541 დოლარის ეკვივალენტი ლარი გადაიხადა. ეს ნახევარი მილიონი ლარია, ან მეტი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს ქონება ჯერ არ არის დარეგისტრირებული.
2024 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გელა გელაძის მეუღლემ 2017 წელს იყიდა მიწის ნაკვეთი კოჯორში, რომელშიც 11 000 ლარი გადაიხადა. ფართობი მითითებული არ არის, თუმცა ამ ნაკვეთთან დაკავშირებით გელა გელაძე დეკლარაციაში შენიშვნის სახით უთითებს, რომ აქ 2 ნაკვეთი შეისყიდეს 2012 წელს და სახლის მშენებლობის შემდეგ გააერთიანეს. მინისტრმა დეკლარაციაში მიუთითა ასევე შენობის მასშტაბზე, თუმცა მშენებლობის ხარჯებზე არაფერი ჩაწერა.
დეკლარაციის მიხედვით, ამ სახლის საერთო ფართობია 403.3 კვ.მეტრი. მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 195.7 კვ.მეტრია, საზაფხულო ფართობი – 93.1 კვ.მეტრი, სარდაფის ფართობი – 72 კვ.მეტრი; კიბის უჯრედი და სადარბაზოს ფართობი – 13.5 კვ.მეტრი; მიწის ნაკვეთი კი – 817 კვ.მეტრი.
რენდერი. ამ სახლის მშენებლობის ხარჯები მინისტრს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
ამ სახლის გვერდით კიდევ ერთი ახალაშენებული სახლია, რომლის ოფიციალური მფლობელიც ნინო ბულგაკოვა-ელიზბარაშვილია. ის შპს „სამედიცინო ცენტრ მეტას“ თანამესაკუთრეა – ამ კომპანიაში წილები ჰქონდა გელა გელაძესაც.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ სახლის ეზოს მხარეს გელა გელაძის მეუღლეს, ნათია ელიზბარაშვილს აქვს მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, სადაც თანამესაკუთრე ბექა ელიზბარაშვილია.
მშენებარე სახლის რენდერი – კოჯორი
რენდერი
ბექა ელიზბარაშვილი აქვე კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის ფართობიც 600 კვ.მეტრია. უნდა ითქვას ისიც, რომ ნინო ბულგაკოვა-ელიზბარაშვილი და ბექა ელიზბარაშვილი ერთ მისამართზე რეგისტრირებული პირები არიან. ისინი, დიდი ალბათობით, ერთი ოჯახის წევრები არიან.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნათია ელიზბარაშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლის მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გასცეს. პროექტი ითვალისწინებდა ორსართულიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობას, რომლის ფასადიც ხელოვნური ქვის და ხის პანელებით უნდა შეეფუთათ. ასევე, უნდა მოეწყოთ მუქი ყავისფერი ტონალობის ალუმინის ვიტრაჟის და იგივე ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები.
2016 წელს მერიას პროექტში ცვლილების მოთხოვნით მიმართეს.
· კიდევ ერთი მშენებარე სახლი გაყიდეს?
ახალი შს მინისტრის, გელა გელაძის მიერ 2024 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია კიდევ ერთი სახლის შესახებ. მინისტრი გელაძე 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერს, რომ მისმა მეუღლემ, ნათია ელიზბარაშვილმა მიწის ნაკვეთი მშენებარე სახლით 800 000 დოლარად გაყიდა. გელა გელაძემ არ მიუთითა, რომელი მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი გაყიდა ნათია ელიზბარაშვილმა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს უნდა იყოს 1233 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში თბილისის ქუჩაზე, ე.წ. „კაკლებში“ და ამ ნაკვეთზე მდებარე მშენებარე სახლი. პროექტის თანახმად, ამ სახლის საცხოვრებელი ფართობი 415 კვ.მეტრია.
2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ნათია ელიზბარაშვილმა მიწის ნაკვეთი [1231 კვ. მეტრი] წყნეთში, თბილისის ქუჩაზე 236 317 დოლარად იყიდა.
მშენებარე სახლის რენდერი, რომელიც გაყიდეს
რენდერი – სახლი „კაკლებში“
2023 წელს ეს ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა უცხოურმა კომპანიამ „სინუქს ინთერნეიშენალ ლიმითედმა“. ამ დროს სახლის კარკასი უკვე აშენებული იყო. მიუხედავად ამისა, გელა გელაძე [იგი მაშინ განათლების მინისტრის მოადგილე იყო] მშენებლობის ხარჯის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს. 2025 წლის აპრილში რეესტრში ცვლილება ისევ აისახა და სახლი თამარ მათიკაშვილის საკუთრებად დარეგისტრირდა.
დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძის მეუღლე, ნათია ელიზბარაშვილი ფლობს ასევე ბინას, [175 კვ.მეტრს] კომერციულ ფართობს და ავტოფარეხს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ამ ქონებასთან დაკავშირებით დეკლარაციაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ კომერციული ფართობი შეძენილია ავტოფარეხთან ერთად. დეკლარაციაში ფასი ნაჩვენებია მხოლოდ ბინის გასწვრივ გრაფაში, რომლის მიხედვითაც ამ ქონებაში ნათია ელიზბარაშვილს 182 350 დოლარი გადაიხადა. კომერციული ფართობისა და ავტოფარეხის ფასი მითითებული არ არის.
თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მინისტრის მეუღლე ფლობს 92 კვადრატულ მეტრ ბინას და არასაცხოვრებელ ფართობს. დეკლარაციის მიხედვით, ეს ქონება მისთვის 2007 წელს უჩუქებიათ, თუმცა მჩუქებლის ვინაობა დეკლარაციაში მითითებული არ არის.
ჭავჭავაძის ქუჩაზე ნათია ელიზბარაშვილი ფლობს კიდევ ერთ – 234 კვ.მეტრ კომერციულ ფართობს. ეს ქონება მას 2013 წელს 388 886 დოლარად შეუძენია. ამ ფართობთან დაკავშირებით გელა გელაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ შეძენილია კომერციული ფართობი და ორი ავტოფარეხი, რომელთაგან ერთი 2019 წელს დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში.
დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში ნათია ელიზაბარაშვილმა იყიდა ავტომანქანა „მერსედესი“, რაშიც 105 000 ევრო გადაუხდია. გელა გელაძემ კი 2013 წელს „ტოიოტა ლ 200“ შეიძინა, რაშიც 70 000 დოლარი გადაიხადა.
ნათია ელიზბარაშვილს მნიშვნელოვან უძრავი ქონება შეუძენია ბაკურიანშიც, მის საკუთრებაშია 3 ბინა, ჯამში 136 კვ.მეტრი, რაშიც ჯამში 171 000 ლარი გადაუხდია 2017 წელს. მაშინ გელა გელაძე კრიმინალურ პოლიციაში სამმართველოს უფროსი იყო.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია ელიზბარაშვილი შპს „ნეილ ბარ ნნ“-ის მეწილეა. კომპანია 2018 წელსაა დაფუძნებული და მისი 50 პროცენტის მფლობელია. დაფუძნების დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის მთავარი საქმიანობა ფრჩხილების მოვლაა. მისი პარტნიორი და 50 პროცენტის მფლობელი ნინო გაგნიძეა.
· გელა გელაძის ქონება
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძე თბილისში, ბეთანიის დასახლებაში ფლობს სახლს და 1468 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახლი ორ შენობას მოიცავს და მათი საერთო ფართობი 354.59 კვადრატული მეტრია.
გელა გელაძე დეკლარაციაში წერს, რომ ეს ქონება 2009 წელს აჩუქეს, თუმცა არ აქვს მითითებული ვინ აჩუქა. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ჩუქების ხელშეკრულების შესახებ. თუმცა არ ჩანს, ვის ეკუთვნოდა ეს ქონება 2009 წლამდე. წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში გელა გელაძეს ამ ქონებაზე მითითებული აქვს, რომ მემკვიდრეობით მიიღო.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ ეს სახლი და მიწის ნაკვეთი „ ბანკში“ აქვს იპოთეკით დატვირთული. გარდა ამისა, 2009 წლის ივნისში მომზადებულ ამონაწერში მითითებული არ არის სახლის ფართობი.
გელა გელაძე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს შეისყიდა 7 350 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში. ამისთვის, როგორც თავად მიუთითა, 5 500 ლარი ლარი გადაუხდია. თანამესაკუთრის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არ აღნიშნული არ არის, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, მასთან ერთად მიწის ნაკვეთის თანამფლობელია გიორგი გურეშიძე. გარდა ამისა, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გელა გელაძე ამ ნაკვეთის თანამესაკუთრეა 2021 წლიდან და არა 2023 წლიდან.
· წილები კომპანიებში
შპს „დეკო“ 2012 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 50-50 პროცენტს გელა გელაძე და გიორგი მრელაშვილი იყოფენ. ისინი იყოფენ ასვე შპს „დეკო დიღომის“ წილებს, რომელიც 2020 წელს არის დაფუძნებული.
2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძე ფლობდა „სამედიცინო ცენტრ მეტას“ წილებს, თუმცა რეესტრის მონაცემებით, ის ამ კომპანიაში აღარ ფიქსირდება. გელა გელაძეს 2024 წელს იპოთეკური სესხი აუღია. ასევე მითითებული აქვს, რომ ორი კომპანიის წილები მართვაში აქვს გადაცემული. ესენია შპს „დეკო“ და შპს „სამედიცინო ცენტრი მეტა“.
შპს „სამედიცინო ცენტრი მეტა“ 2022 წელს ქეთევან უცუნაშვილს, ნინო ბულგაკოვა -ელიზბარაშვილს და ზურაბ ზურაბიშვილს დაუფუძნებიათ. იგივე წელს ამონაწერში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, რომლის შედეგადაც 10 პროცენტის მფლობელად გელა გელაძეა. 2025 წლის ამონაწერში ის საერთოდ არ ფიქსირდება.
· სესხები და შემოსავალ გასავალი
გელა გელაძემ დეკლარაციაში მიუთითა მისი და მეუღლის სესხების შესახებ, მას „თიბისი“ ბანკიდან სესხის სახით 180 000 ლარი აუღია, იპოთეკური სესხი აქვს ნათია ელიზბარაშვილსაც, მისი ვალი გაცილებით მაღალია და 287 000 ევროს შეადგენს.
2023 წელს გელა გელაძეს სხვა მნიშვნელოვანი დანახარჯიც ჰქონდა: მისი უფროსი შვილი დიდ ბრიტანეთში,LLP UNIVERSITY OF EXETER-ში სწავლობს და სწავლის საფასურში 33 519 გირვანქა-სტერლინგი აქვს გადახდილი. უმცროსი შვილის სწავლის საფასური „ევროპის სკოლაში“ კი 7000 ევროა. გარდა ამისა, 2023 წელს გელა გელაძემ მოგზაურობის ხარჯებში 27 328 ლარი მიუთითა.
რაც შეეხება ხელფასს, 2023 წელს გელა გელაძემ 64 560 ლარი მიიღო, ჯერ როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა და შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის გელა გელაძეს „თიბისი ბანკის“ ანაბარზე 146 000 დოლარი ჰქონდა, ნათია ელიზბარაშვილს კი „თიბისი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე 23 625 დოლარი, 6000 გირვანქა სტერლინგი, 40 000 დოლარი დეპოზიტი.
2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში გელა გელაძემ ქველმოქმედების სახით დახარჯულ თანხაზეც მიუთითა, 27 175 ლარი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწებულებაში სწავლის საფასურის სახით გადავიხადეო, თუმცა კონკრეტულად ვის გადაუხადა არ ჩაწერა. ამ წელს მან ქონების გადასახადზეც ჩაწერა 10 010.
ძვირადღირებული მაჯის საათები გელა გელაძესაც ჰყვარებია, 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან 8625 ლარი Braitling – ის მაჯის საათში გადაიხადა.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გელა გელაძეს 2024 წლის 28 თებერვალს შეუვსია. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციაში ასახულია წინა, 2023 წლის მონაცემები. მაშინ ის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. 2025 წელს შევსებული დეკლარაცია საერთოდ არ იძებნება, რადგან ანტიკორუფციულმა ბიურომ, დაპირების მიუხედავად, ვებგვერდზე „ხარვეზი არ აღმოფხვრა“.
ამ შემთხვევაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მონაცმებს ვეყდნობით, სადაც თავმოყრილი და ატვირთულია მონაცემები თანამდებობის პირების მიერ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით შევსებული დეკლარაციებიდან.
წყარო: “ბათუმელები”