ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხვალ, 10:00 საათზე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნება აპირებს, გმირთა მოედანზე ორი ორმოცდაათ სართულიანი ცათამბჯენის პროექტი დაამტკიცოს.
“ხვალ, 10:00 საათზე კალაძე, ივანიშვილი და ქართული ოცნება გეგმავენ „საახალწლო საჩუქარი“ გაუკეთონ თბილისის და მაშინ როცა ქალაქიც და ქვეყანაც საახალწლო დასვენების რეჟიმზე გადადიან, აპირებენ გმირთა მოედანზე ორი ორმოცდაათ სართულიანი ცათამბჯენის პროექტის დამტკიცებას.
ეს ყველანაირი გადაჭარბების გარეშე არის ურბანული გენოციდი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და კორუფცია.
ეს არის დანაშაული ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ და ამის ფასს თითოეული ჩვენგანი ძალიან მძიმედ გადავიხდით”, – წერს საბა ბუაძე Facebook-ზე.
10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
11 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება” და დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა.
18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.
ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.