12 ივნისიდან სოხუმში პირდაპირ რეგულარულ რეისებს რუსული ავიაკომპანია, iFly მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტიდან იწყებს. ამის შესახებ TASS-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს.
რეისების სიხშირე თანდათან გაიზრდება და ივლისში ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შესრულდება. მარშრუტზე Airbus A330-ის მოდელის თვითმფრინავი იფრენს.
iFly-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ავიაკომოანიის ფლოტი 345 და 370-ადგილიანი სამი Airbus A330-200-ისა და 378-ადგილიანი სამი Airbus A330-300-ისგან შედგება. 2024 წელს ავიაკომპანია “აეროფლოტმა” iFly-ისგან სამი ფართოკორპუსიანი Airbus A330-300 ლაინერი ე.წ. სველი ლიზინგით, ანუ იჯარით ეკიპაჟთან ერთად აიღო.
სოხუმში პირდაპირი რეისები ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქის (იუგრას) ამავე სახელწოდების ადმინისტრაციული ცენტრიდანაც იწყება. სოხუმის აეროპორტის Telegram-არხის ცნობით, რუსეთის ამ ქალაქიდან სოხუმში ფრენები 28 ივნისს გაიხსნება. რეისებს ავიაკომპანია “რუსლაინი” შეასრულებს.
ხანტი-მანსიდან სოხუმში და უკან 50-ადგილიანი Bombardier CRJ100/200-ის მოდელის კანადური თვითმფრინავი იფრენს.
თავად ხანტი-მანსის აეროპორტის ცნობით, აფხაზეთში პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ, ორშაბათობით და შაბათობით შესრულდება, ხოლო მგზავრობის დრო 7 საათამდეა. ამ დროში სარატოვში ტექნიკური გაჩერებაც შედის, რაც, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდება.
მანამდე ოლქის გუბერნატორ რუსლან კუხარუკმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქიდან აფხაზეთში პირდაპირი რეისების დაწყების საკითხი შეესწავლათ. ხელისუფლებამ ამ მარშრუტის განვითარებისთვის საოლქო ბიუჯეტიდან სუბსიდია გამოყო.
ამასთან, მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ რუსეთში მდებარე პერმის მხარის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პერმიდან სოხუმში შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები გაიხსნას. მოლაპარაკებები UVT Aero-სთან, „სიბირთან,” „იკართან,” Azimut-თან, Nordwind Airlines-თან და სხვა ავიაკომაპნიებთ მიმდინარეობს. თუმცა, უწყების ცნობით, ავიაკომპანიებს ჯერ არ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, ამ რეისისთვის თვითმფრინავები გამოყონ. პერმის მხარის ხელისუფლება მზად არის, სოხუმში პირდაპირი რეისები სამხარეო ბიუჯეტიდან დაასუბსიდიროს.
ცნობისთვის: რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ 1-ლი მაისიდან აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. სოხუმში მეორე პირდაპირი რეისი 13 მაისს, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც შესრულდა. სანქცირებული ავიაკომპანია „იკარის“ 100-ადგილიანი Embraer 190-მოდელის თვითმფრინავი ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტიდან საღამოს აფრინდა, ხოლო სოხუმიდან უკან 14 მაისის ღამეს გაემგზავრა.
ასევე, სოხუმში კიდევ ერთი სანქცირებული ავიაკომპანია Nordwind Airlines-იც იფრენს, რომლესაც „როსავიაციამ“ ყაზანიდან და უფადან რეისების შესრულების ნებართვა მისცა.
ამის გარდა, თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero, რომელიც მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის რეისს ყოველ შაბათს ასრულებს, კვირაში ორჯერ იფრენს. ასევე, UVT Aero-ს კვირაში ორჯერ ნალჩიკიდან სოხუმში ფრენის ნებართვაც მიეცა, ხოლო „იკარმა“ ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის რეისზე კვირაში შვიდჯერ ფრენის ნებართვა მიიღო. ამ ეტაპზე ავიაკომპანიას თავის განრიგში ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის რეისი კვირაში ერთხელ, პარასკევობით აქვს დაგეგმილი, რომლის სუბსიდირებისთვის ნიჟნი-ნოვგოროდის მერია 14,8 მლნ რუბლს (187 ათას დოლარამდე) გამოყოფს.
UVT Aero, „იკარი,” Nordwind Airlines, “რუსლაინი” და iFly იმ ავიაკომპანიების შავ სიაშია, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ.
უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
