მედია: ტრამპის თქმით, მასკის მიერ მისი კანონპროექტის კრიტიკით “გაკვირვებული” და “იმედგაცრუებულია”

აშშ-ს  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ყოფილი თანამოაზრე ილონ მასკის მიერ მისი “დიდი, ლამაზი” კანონპროექტის კრიტიკით “ძალიან გაკვირვებული” და “იმედგაცრუებულია”.

“მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, კვლავ გვექნება თუ არა”. – თქვა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რეპორტიორის შეკითხვის საპასუხოდ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპმა მასკის მიერ გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების შემცირების წინააღმდეგ მიმართული ლობისტური ძალისხმევა პირდაპირ გააკრიტიკა.

“მე ყოველთვის მომწონდა ილონი და ამიტომაც ვარ გაკვირვებული. […] მერჩივნა, მე გავეკრიტიკებინე, ვიდრე კანონპროექტი, ვინაიდან ეს კანონპროექტი არაჩვეულებრივია. ეს [გადასახადების] ყველაზე დიდი შემცირებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”. – თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტის საპასუხოდ მასკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი “უმადურობაში” დაადანაშაულა და დაწერა, რომ “ჩემ გარეშე, ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.

მასკმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას, ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 129 დღის შემდეგ დატოვა. ოვალურ ოფისში  გამართულ  გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, რომელიც მასკის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების აღსანიშნავად ჩატარდა, ტრამპმა მასკს თეთრი სახლის მოოქრული გასაღებიც კი გადასცა.

ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს “გულისამრევი საშნელებაც” უწოდა და დაამატა: “სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით”.

კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატა უკვე გაიარა – მას რესპუბლიკელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, დემოკრატებისგან – არავინ. კანონპროექტის კრიტიკაში მასკს მხარდაჭერა რესპუბლიკელმა სენატორებმა რენდ პოლმა და მაიკ ლიმ გამოუცხადეს. რენდ პოლის თქმით, მას სურს, საგადასახადო შემცირებები სამუდამო იყოს და კანონპროექტიდან $5-ტრილიონიანი ვალის ახალი ზედა ზღვრის ამოღება მოხდეს. მან დაამატა, რომ “სულ მცირე, ოთხი ჩვენგანი სენატში ასე ფიქრობს”.

მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ ილონმა კანონპროექტის შესახებ იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე “ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან”.

“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ილონმა ამ კანონპროექტის დეტალები იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან. მას ჩემზე, პერსონალურად, რაიმე ცუდი არ უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შემდეგი იქნება”. – თქვა ტრამპმა.

მალევე ილონ მასკმა X-ზე ტრამპის ვიდეო გააზიარა, რომელშიც პრეზიდენტი ამ სიტყვებს ამბობს და უარყო, რომ კანონპროექტის შესახებ რაიმე იცოდა.

“ტყუილია. ეს კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ ჩემთვის და შუაღამეს, ისე სწრაფად მიიღეს, რომ თითქმის არავის, კონგრესიდან, წაკითხვის საშუალებაც არ მიეცა!”. – წერს მასკი.

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ილონ მასკი ადმინისტრაციაში -ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელად დაინიშნა. ტრამპმა ეს დეპარტამენტი 20 იანვარს, მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველივე დღესვე, აღმასრულებელი ბრძანების მეშვეობით ჩამოაყალიბა.

მასკს სპეციალური სახელმწიფო თანამშრომლის სტატუსი მიენიჭა, რომლის მიხედვითაც მას აშშ-ს მთავრობისთვის წელიწადში მხოლოდ 129 დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა. ეს ვადა მასკს პირველ ივნისს ამოეწურებოდა.

მასკის მიერ მართულმა DOGE-მა მიზნად აშშ-ს ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვა დაისახა, თუმცა უწყების ბოლო შეფასებებით 2026 ფისკალური წლისთვის დაზოგილი თანხა მხოლოდ 160 მილიარდს აღწევს.

28 მაისს, ილონ მასკმა თქვა, რომ ის გასულ კვირაში აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში ს მიერ ინიცირებული “დიდი, ლამაზი” კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია.

25 მაისს გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკი პოლიტიკით იმედგაცრუებული იყო, პოლიტიკაზე ბევრის დახარჯვას აღარ აპირებდა და მას Tesla-სა და SpaceX-ში დაბრუნება სურდა.

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მასკმა აღნიშნა, რომ თუ მომავალში მნიშვნელოვან მიზეზს არ დაინახავს, პოლიტიკურ კამპანიებში ბევრად ნაკლებს დახარჯავს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, მასკი ახლა იმედგაცრუებულია იმით, თუ რა გავლენა შეიძლება მისმა ფულმა პოლიტიკურ სისტემაზე იქონიოს და მისი აზრით, სჯობს თავისი დრო და რესურსები სხვაგან გამოიყენოს.

მილიარდერი ამბობდა, რომ ახლა მისი ყურადღება კვლავ Tesla-სა და SpaceX-ს სჭირდება. ორივე კომპანია მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება: ელექტრომობილების მწარმოებელი ივნისში სრულად ავტონომიური მანქანის გამოშვებას გეგმავს, ხოლო სარაკეტო კომპანია მომდევნო კვირას ახალი თაობის Starship-ის გაშვებას აპირებს. მასკს ასევე მარსზე 2026 წელს უპილოტო ხომალდის გაგზავნა სურს.

წყარო