„დამწყები კვალიფიკაციის მქონე ადამიანების დიდ რაოდენობას მივიღებთ“ – ⁠რა ეფექტის მომტანი იქნება 3-წლიანი IT ბინადრობა სექტორისთვის?

საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3 წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი. ცვლილება “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიზანიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია ITAG-ის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე ფიქრობს, რომ ინიციატივა პოზიტიურია, თუმცა ის გრძელვადიან და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს არ უზრუნველყოფს.
როგორც თოხაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, ინიციატივის მიხედვით საუბარია პირებზე, რომელთა სამუშაო გამოცდილება 2 წელს ითვლის, რაც სექტორის მნიშვნელოვანი განვითარების წინაპირობა ვერ გახდება. მისი აზრით, სექტორის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე მეტი ინვესტირება განათლებაში მოხდეს, საერთაშორისო ბაზრებიდან კი მაღალინტელექტუალური პირების შემოსვლას შეეწყოს ხელი.
„ინიციატივის აღწერაშიც იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საერთაშორისო კომპანიებიდან ხალხის გადინების ტენდენცია გვაქვს. ზოგადად კი იზრდება აიტი სექტორი, თუმცა ექსპორტის მაჩვენებლები როცა ვნახეთ ის აჩვენებდა კლებას 30%-მდე, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ამ უკუეფექტის გამოსოწრებას, ამაზეა ორიენტირებული და არა გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე.
სახელმწიფომ და სექტორმა უნდა იმუშაოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. პირველი ხაზი გადის არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ჩვენ ზუგდიდიდან, თელავიდან, საგარეჯოდან გვჭირდება ადამიანების მოზიდვა, რეალურად შიდა პოტენციალის გამოყენება. თუ დღეს უნივერსიტეტებში სტუდენტების მხოლოდ სწავლობს 6% აიტი მიმართულებაზე, ესტონეთში ეს რიცხვი არის 13%. როდესაც საუნივერსიტეტო მიწოდება არ შეესაბამება იმ ზრდის ტემპებს რაც გვაქვს, აქ არის ძირითადი სამუშაო. მსგავსი განათლება უნდა მიეცეს უფრო მეტ ადამიანს.
მეორე საკითხი რომელიც ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ეს არის კრიტერიუმების განისაზღვრა. აქ არ არის საუბარი მაღალკვალიფიციურ კაპიტალზე, არამედ 2 წლიან სამუშაო გამოცდილების მქონე პირებზე. ე.ი. ჩვენ მივიღებთ დამწყები კვალიფიკაციის მქონე ადამიანების დიდ რაოდენობას. ეს რაოდენობა არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ხარისხი და ამ ხარისხსაც თავისი მახასიათებლები აქვს.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოვიზიდოთ იმ ტიპის ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც შეძლებს ცოდნის გაზიარებას, სიახლეების შემოტანას, გამაცოცხლებს ბაზარს და სტიმულს მისცემს დარგში მეტი ადამიანის ჩართვას,“ – განაცხადა თოხაძემ.