2023 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 14 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურა ტრეფიკიორთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს აგრძელებს.
ამას მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – „პირველ კალათაში“.
როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით ე.წ. „გაფართოების ქვეყნებს“ შორის, რომელიც ამ ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, ნიდერლანდების და შვედეთის გვერდითაა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება, როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიურად გამოვლენის და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით“ – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.
საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 14 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო, ხოლო დაზარალებულად ცნობილი იქნა 14 პირი, მათ შორის, 7 სრულწლოვანი და 7 არასრულწლოვანი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა.
