კიმ ჩენ ინი რუსეთს დაჰპირდა უკრაინასთან ომში დახმარების გაგრძელებას

ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი რუსეთს დაჰპირდა უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას.
4 ივნისს, ფხენიანში იმყოფებოდა ს უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ, რომელიც კიმ ჩენ ინს შეხვდა. ინფორმაცია პრეზიდენტ პუტინის „დავალებით“ შოიგუს „სამუშაო ვიზიტის“ და კიმ ჩენ ინთან „მოლაპარაკების” შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს საიტზე 4 ივნისს საღამოს გამოქვეყნდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს საიტზე – დღეს, 5 ივნისს დილით.
ორივე მხარე აცხადებს, რომ შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გარდა განიხილეს „უკრაინის გარშემო სიტუაცია“ და რუსეთის კურსკის ოლქის „გათავისუფლებაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი“.
ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „პატივცემულმა ამხანაგმა“ კიმ ჩენ ინმა შოიგუ დაარწმუნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მომავალშიც უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის საგარეო პოლიტიკას „უკრაინის საკითხში“ და დაიცავს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მუხლებს.
თავის დროზე, ფხენიანმა და მოსკოვმა სწორედ ამ ხელშეკრულების დაცვით ახსნეს კურსკის ოლქში რუსეთის არმიის დასახმარებლად ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი „სრულად გაათავისუფლეს” და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
გერასიმოვის ეს განცხადება იყო რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნის პირველი ოფიციალური დადასტურება. ამის შემდეგ, 28 აპრილს ფხენიანმა თავადაც დაადასტურა რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი.
პირველი ცნობები, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის არმიის მხარდასაჭერად თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. არსებული მონაცემებით, ფხენიანმა რუსეთს დაახმარა, სულ მცირე, 11 000 სამხედრო. მათი სავარაუდო დანაკარგი(დაჭრილები და დაღუპულები) 4000-ს აღემატება.
არაერთი წყაროთი დადასტურებულია, რომ ფხენიანი რუსეთს იარაღსაც აწვდის. 2025 წლის აპრილში გამოცემა Newsweek-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის ანალიზის ცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ გზით ჩრდილოეთმა კორეამ 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ფორუმი