IT სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში 3 წლიანი ბინადრობის უფლებით სარგებლობას შეძლებენ – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის განხილვასაც ქართული ოცნების დეპუტატები დაჩქარებული წესით ითხოვენ.
ცვლილებების მიზეზად სექტორში არსებული შემცირების ტემპი სახელდება. სტატისტიკის თანახმად საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიაში საშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობა შარშან 2022 წელთან შედარებით 51%-ით შემცირდა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათით IT ბინადრობა ცვლილების შემდეგ 3 წლის ვადით გაიცემა, შემდეგ კი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე 3 წლით გაგრძელდეს, არაუმეტეს 12 წლამდე.
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია კი თვლის, რომ დაანონსებული ცვლილებები დარგში არსებულ შენელებულ ტენდენციას რადიკალურად ვერ შეცვლის. მისი თქმით, სექტორის ზრდა 2022 წელს გარე ფაქტორებით იყო განპირობებული, რომლის ეფექტის ამოწურვის შემდეგ მასშტაბური ზრდა შენელდა.
მისი თქმით, რაც არ უნდა გაუმარტივო უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში დასაქმების და ცხოვრების პროცესი, არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე კადრების საქართველოში ჩამოყვანა გაჭირდება, რადგან მისივე შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორის გამო არაერთმა კადრმა დატოვა ქვეყანა.
“იყო ჯერ კოვიდი და ამის შედეგად აიტი სექტორი გაიზარდა, ასევე ბელორუსიის არჩევნების და ასევე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, რომლის შემდეგ უკრაინიდან და რუსეთიდან აიტი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. ეს ფაქტორები მეორადია და მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კრიზისი გაღრმავდა ბევრმა დატოვა ქვეყანა და დაახლოებით 1/3-ით არის შემცირებული. მცდელობა, რომ ქვეყნის მიმზიდველობა გაიზარდოს, (რასაც ეს კანონპროექტი ემსახურება), თუმცა ჩემი წარმოდგენით ეს მხოლოდ გაუადვილებს პროცედურების გავლას იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველო აირჩია. მეეჭვება, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, რომ ამის გამო სხვა ვარიანტებს შორის საქართველო იყოს არჩეული.
ძირითადი პრობლემა ისაა, რომ არასტაბილური ქვეყანაა დღეს საქართველო. გაურკვეველია მისი პოლიტიკური მდგომარეობა, რაც უშუალოდ აისახება, როგორც კრიმინალზე ასევე ეკონომიკაზე. პოლიტიკური მმართველობის ნაწილი სანქციების ქვეშაა, რისკია რომ თუ ბანკები სასანქციო რეჟიმს არ დაიცავენ, ისინიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამდენად, ბიზნესისთვის უბრალოდ გაურკვეველია რატომ უნდა გააკეთოს საქართველოზე არჩევანი,” – ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია.
როგორც ცნობილია, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 2024 წელს 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. რეკორდული 784 მილიონი დოლარის შემოსავალი სექტორმა 2023 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ დარგში შემცირებაა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში 4069 ლარი იყო, რაც 2023 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.