ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა – IMF

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და განამტკიცოს ანტიკორუფციული ბიუროს ავტონომია. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” დასკვნით განაცხადშია აღნიშნული.
2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეჰანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა.
სავალუტო ფონდის მისია აღნიშნავს, რომ სტრუქტურული რეფორმები საჭიროა მაღალი ზრდის შესანარჩუნებლად, ზრდის მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.
“ეკონომიკის პოტენციურ ზრდას აფერხებს სტრუქტურულად მაღალი, გრძელვადიანი და ახალგაზრდათა უმუშევრობა, განათლებულობის დაბალი მაჩვენებელი, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებში ინფრასტრუქტურული შეზღუდვები; სექტორების, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, დაბალი პროდუქტიულობა. მოსახლეობის დაბერება, გარე მიგრაცია, არაფორმალური დასაქმება და შემოსავლების უთანასწორობა დასაქმების ბაზრის გამოწვევაა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამების დახვეწა, მასწავლებელთა უნარების გაუმჯობესება და პროფესიული საკვალიფიკაციო სწავლების გაფართოება გაზრდის სოფლად სამუშაო ძალის ეკონომიკაში მონაწილეობას და დასაქმებულების ფორმალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები და დაბრუნებული მიგრანტების ცოდნა პროდუქტიულ ინვესტიციებად უნდა გარდაიქმნას. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტიციები, ასევე რეგიონული პარტნიორებთან საფასურების და პროცედურების ჰარმონიზება ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას”,- წერია მისიის დასკვნით განაცხადში.