ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იყოს ან პოლიტპატიმრები არ უნდა გათავისუფლდნენ, ჩვენ ვამბობთ: ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველი ხომ არ შეგვექმნა?, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, საერთაშორისო-პოლიტიკური კუთხით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის“ არანაირ ლეგიტიმაციას არ ქმნის, რადგან „ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაათეთრებს ლეგიტიმაციის კუთხით, წერტილი“.
„რეჟიმთან ხელის ჩამორთმევა კი არა, მათი წაშავება და თავისუფალი ქართული სასამართლოს მიერ ციხეში განმწესებაა მიზანი, კორუფციისთვის, საგარეო-პოლიტიკური გადაგვარებისთვის და მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევაზე კი არა, ბრძოლაზეა საუბარი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და არა ხელის ჩამორთმევა.
მე ექვსი წლის წინ ჩავერთე პოლიტიკაში და უკვე ჩანდა რუსიფიკაციის ნიშნები და არცერთი დღის განმავლობაში არ მქონია ილუზია, რომ რუსულ რეჟიმთან წესებით შევძლებდი ბრძოლას, რომ მექნებოდა კარგი ცესკო, თავისუფალი არჩევნები, მეყოლებოდა შსს მინისტრი, რომელიც არის არისტოტელეს მიმდევარი და ჰუმანისტი და ა.შ. დღეს ვინმეს აქვს ამის ილუზია ამ ქვეყანაში? ხალხი დაჭერილია, 50-ზე მეტი ადამიანი ტყვედაა აყვანილი. ეს წესებით ბრძოლაა? არა, მაგრამ ხომ ვიბრძვით. ველით იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა და იტყვის, დავიღალე, ბატონმა ფარულავამ ჩაატაროს ახლა არჩევნები? მეც მინდა, მაგრამ არ არის ასეთი საქართველო და მოდი, რეალობას გავუსწოროთ თვალი და ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ ბრძოლაზე. თუ არ ვიბრძოლეთ და თუ არ გავანგრიეთ შუბლით, არაფერი არ იქნება. რომელი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, თაფლით და მანანათი შემოსილ გარემოთი? უბედურის ერთი, ხან სპეცრაზმი იყო შევარდნილი საარჩევნო უბანზე, ზოგი ყუთს მიარბენინებდა, ხანდახან ხალხს ყრიდნენ ფანჯრიდან. ასეთი ქვეყანა ვართ სამწუხაროდ და ამის შეცვლა გვინდა ყველას ერთად. ამიტომ გავაერთიანოთ რესურსები და დავფიქრდეთ, ხომ არ შეგვიძლია ერთიანი ფრონტით იმ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევა ერთით მეტი ბრძოლის ველის შექმნით, იმ მოთხოვნებთან დამატებით, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ.
და ბოლოს, საერთაშორისო-პოლიტიკური კუთხით ეს არანაირ ლეგიტიმაციას არ ქმნის. ძალიან ბევრი არგუმენტი შემიძლია ვთქვა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაათეთრებს ლეგიტიმაციის კუთხით, წერტილი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
