ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების, ლიკა ლორთქიფანიძისა და ლუკა ნაცვლიშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან როგორც ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც, რომლებიც ადგილზე 12 საათიდან იკრიბებიან და ერთდღიან გაფიცვასა და აქციას აწყობენ.
მათ უნივერსიტეტთან ბანერებიც გაშალეს, წარწერებით – „არალეგიტიმური მთავრობა უნდა გადადგეს“, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს – თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
