ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 50.89%-ით გაიმარჯვა კონსერვატორმა ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ.
ნავროცკი ისტორიკოსი და ყოფილი მოყვარული მოკრივეა. მას მხარს უჭერს კაჩინსკის მემარჯვენე პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS), რომელიც ქვეყანას 2015-2023 წლებში მართავდა. ნავროცკიმ არჩევნების მეორე ტურში მცირე უპირატესობით დაამარცხა დონალდ ტუსკის კოალიციის მიერ მხარდაჭერილი პროევროპელი ვარშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი.
„42 წლის ნავროცკი, ევროსკეპტიკოსი ისტორიკოსი, რომელიც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, საარჩევნო კამპანიას იმ დაპირებით აწარმოებდა, რომ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა პოლონელებს სხვა ეროვნებებთან, მათ შორის მეზობელი უკრაინიდან ლტოლვილებთან შედარებით, უპირატესობას მიანიჭებდა”, – წერ Reuters და ვარაუდობს, რომ ნავროცკი გააგრძელებს თავისი წინამორბედის, პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკას, მათ შორის, მთავრობის მიერ აბორტის ლიბერალიზაციის ან სასამართლო სისტემის რეფორმირების ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვას.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის როლი ძირითადად ფორმალურია, მას გარკვეული გავლენა აქვს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე და აქვს ვეტოს დადების უფლება ახალ კანონმდებლობაზე, ან ცვლილებაზე კანონში. ვეტოს გაუქმება მხოლოდ პარლამენტში სამი მეხუთედის უმრავლესობით შეიძლება, რაც ამჟამინდელ მთავრობას არ აქვს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა და მასში 12 კანდიდატი მონაწილეობდა.
