ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ლოგისტიკის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს – მოსაზრება

“დიპლომატ ჯორჯიას” ბიზნესის განვითარების მენეჯერი, მერაბ ჟღენტი მიიჩნევს, რომ 10-წლიან პერსპექტივაში საქართველოში ლოგისტიკის დარგი მნიშვნელოვნად განვითარდება, რასაც როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გარე ფაქტორებიც შეუწყობს ხელს – ამის შესახებ მერაბ ჟღენტმა “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკა “Business 360”-ში სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკურ მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დარგზე მნიშვნელოვანი წნეხი მოდის, რაც მის ზრდას შეუწყობს ხელს.
“ეს დარგი თავისთავად განვითარდება, რადგან მასზე წნეხი, დადებით კონტექსტში, ძალიან დიდია. საქართველოში ბიზნესს ძალიან დიდი შეზღუდვა აქვს, როდესაც შეუძლიათ, რომ ფიქსირებული ხარჯები ცვლად ხარჯებში გადაიტანონ. როდესაც ბიზნესს ზრდი, ლოგისტიკის განვითარებაც თავისთავად გიხდება, რაც დამოუკიდებელი ბიზნესმიმართულებაა. შესაბამისად, გიწევს მოძებნო ადამიანები, ჯგუფები თუ კომპანიები, რომლებიც ამ მომსახურებას გაგიწევენ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო სოფლის მეურნეობის სფეროში ლოგისტიკის პრობლემებიც. დღეს გლეხს კი მოჰყავს პროდუქტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოსავალი ულპება, რადგან მიწოდების ჯაჭვი გამართული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არის, მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს, მას შემდეგ მისი დასაწყობების ფუფნებაც არ აქვს – ამ მიმართულების განვითარება აუცილებლად იქნება ლოგისტიკური ბიზნესის ზრდის ქვაკუთხედი”, – ამბობს მერაბ ჟღენტი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც “დიპლომატ ჯორჯიას” წარმომადგენელმა BMG-ის ეთერში განიხილა, საქართველოში საერთაშორისო ბრენდების შემოდინებაა: “საკვები ობიექტების საერთაშორისო ბრენდები უკვე ფრენჩაიზსაც აღარ გაძლევენ, თუ ეს ოპერაციები გამართული არ გაქვს. ვიცით, რომ McDonald’s-მა გლობალური ლოგისტიკური კომპანია შემოიყვანა საქართველოში, რომელიც მხოლოდ მას ემსახურება. ეს ფაქტორი აუცილებლად უბიძგებს დარგს განვითარებისკენ”.
რაც შეეხება გარე ფაქტორებს, როგორც მერაბ ჟღენტმა აღნიშნა, საქართველოს, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს პოტენციალი, ევრაზიის კონტინენტის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლის როლი შეასრულოს.
“ძალიან საინტერესოა თურქეთის მაგალითი. ამ სერვისების განვითარება იქ 90-იან წლებში დაიწყო. 200-იანი წლებიდან უკვე შევიდნენ გლობალური წამყვანი კომაპნიები და თურქეთი ამ ჯაჭვის ერთ-ერთი დიდი ნაწილი გახდა. საქართველოში დიდი პოტენციალია, ჩინეთის თუ ევროპის მხრიდან, რომ დიდ ქსელებს ეს მომსახურება გაუწიო. აზია-ევროპის გზაზე უნდა არსებობდეს ეს კვანძები და ჩვენ ამისთვის უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს”, – ამბობს “დიპლომატ ჯორჯიას” ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
ცნობისთვის, საქართველოში ლოგისტიკური ინდუსტრია წლიდან წლამდე ზრდას აფიქსირებს. კერძოდ, 2021-2024 წლებში საქართველოში გადაზიდული საერთაშორისო ტვირთის (ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი) მოცულობა CAGR 6.0%-ით გაიზარდა და 2024 წელს 31 მილიონი ტონა შეადგინა.