ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ “კანონებს” ხელი მოაწერა და ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იჯარით გადაცემა “დაამტკიცა”.
შედეგად, “რუსეთის ფედერაციისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის საკუთრებაში გადაცემასა და მის გამოყენებაზე აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე” ე.წ. კანონი ძალაში შევიდა.
გარდა ამისა, ბჟანიამ “დაამტკიცა” ე.წ. კონსტიტუციური კანონი “აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების განხორციელების ღონისძიებებისა და მისი გამოყენების პროცედურის” შესახებ.
ე.წ. კანონი დოკუმენტში მითითებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო აკვატორიის, ასევე მომავალში ამ ტერიტორიაზე აშენებული შენობა-ნაგებობების მესამე პირისთვის გადაცემას კრძალავს.
აქვე მითითებულია, რომ მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა გამოიწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემას მხარი დღეს, 27 დეკემბერს, გამთენიისას დაუჭირა.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა მაშინ გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.