სააგრეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
“საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს, 27 დეკემბერს გამთენიისას გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.
26 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავდა. ამ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაწყება მოჰყვა.