31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ახლადდანიშნულმა შს მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა სიტყვებით, რომ „სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს მათ შრომას და ძალისხმევას“:
„ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“ – განაცხადა გელა გელაძემ, რომლის სიტყვებითვე, „პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი და ეს ნიშნავს ატარო ღირსება“.
მადლობით დაიწყო თავისი გამოსვლა პოლიციელების წინაშე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც, რომლის განცხადებით, ისინი „პირველები დგანან კანონის სადარაჯოზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“.
კობახიძის განცხადებით, პოლიციის დამსახურებაა რომ დღეს „საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით“:
„დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია”, – თქვა მან.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებთან ერთად, ესწრებოდა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც “სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის” დააჯილდოვეს პირველი ხარისხის ორდენით. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა ასევე განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, თბილისის მერი და სხვა ოფიციალური პირები.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამინისტროს 270 000 ლარი დაუჯდა. „ანალოგიური მასშტაბის და შინაარსის ღონისძიების ჩატარება (ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი), მეტწილად უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის იმიჯს“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბოლო თვეების განმავლობაში პოლიციელები არაერთხელ დაადანაშაულეს ჟურნალისტებსა და პროევროპული აქციების მონაწილეებზე ძალადობაში, რაც მედიის კამერებმაც გადაიღო. თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელიც პოლიციელების ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, რადიო თავისუფლებას ვერ ეუბნებიან, ამ დროისთვის რამდენ საქმეს იძიებენ. ამავე სამსახურის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს:
· სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის/საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე 2 124 შეტყობინება მიიღეს.
· შეტყობინებების 40%-ში მოქალაქეები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას და არასათანადო მოპყრობას უჩიოდნენ. ძალადობის ადგილად მოქალაქეებმა 400-ზე მეტ შემთხვევაში ქუჩა დაასახელეს.
· სისხლისსამართლებრივი დევნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ 31 სამართალდამცველის მიმართ დაიწყო – ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.
· სამართალდამცველებიდან, რომელთა წინააღმდეგაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ცხრა იყო შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ექვსი კრიმინალურ პოლიციას წარმოადგენდა, ოთხი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, სამი – სასაზღვრო პოლიციას.
ფორუმი
