ამ წუთებში მზია ამაღლობელის პროცესზე ძალიან საინტერესო მოწმის ძალიან საინტერესო დაკითხვა სრულდება, ამიტომაც გადავწყვიტე ვრცლად აღვწერო:
სასამართლოში იკითხება დაცვის მხარის მოწმე – სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ქირურგი-იმპლანტოლოგი, ექიმი თათია ანდღულაძე. მოწმე აცხადებს, რომ მის 20-წლიან პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებაზე დაყრდნობით გააჩნია სპეციალური ცოდნა როგორც ტკივილის მართვის, ასევე მისი სიმულაციის ამოცნობის კუთხით. მისი თქმით, ამ საკითხებს პრაქტიკაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ანდღულაძე სანდოობის გასაზრდელად სასამართლოს აცნობს საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებს, რომლებიც აღწერს ტკივილისთვის დამახასიათებელ ობიექტურ ნიშნებს: მიმიკური რეაქცია – სახის გამოკვეთილი ცვლილება (გრიმასა), მოტორული რეაქცია – თავდაცვითი ან ტკივილის არეში ხელის წაღება, ხმოვანი გამოხატულება – კივილი, კვნესა და სხვა, ქსოვილური დაზიანება – გარეგანი თუ შიდა ფიზიკური კვალის არსებობა. ამის შემდეგ ადვოკატი მწარიაშვილი წარადგენს ცნობილ ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია, როგორ აწნავს მზია ამაღლობელი სილას ირაკლი დგებუაძეს. მოწმე განაგრძობს განმარტებას: ტკივილს აუცილებლად ახლავს თან ფიზიოლოგიური რეფლექსები, რომლებიც არ ექვემდებარება ადამიანის ნებელობას. „თუ ადამიანს სახეში დაარტყამენ, პირველ რიგში რაც მას სჩვევია, არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა და ხელის წაღება მტკივნეულ ადგილას – ეს ბუნებრივია, თანდაყოლილი რეაქციაა“, – ამბობს ანდღულაძე. ვიდეოს შეფასებისას ექიმი აღნიშნავს, რომ სილის შემდეგ ბატონი ირაკლის ერთადერთი რეაქცია იყო მხოლოდ თავდაცვითი – უკან დახევა. „ეს არის ინსტინქტური, თანდაყოლილი და ხშირად სპორტსმენებში გააზრებული რეაქცია, რომელიც არ გულისხმობს ტკივილის აღქმას.“ ანდღულაძე ხაზგასმით აცხადებს: „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა.“ მისივე თქმით, ეს არაა პირადი მოსაზრება, არამედ სამედიცინო მეცნიერებაზე დაფუძნებული დასკვნა. „პაციენტი ექიმთან ტკივილის გამო მიდის. ტკივილის შეფასება ექიმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ხოლო მხოლოდ იმის თქმა, რომ ‘მტკივა’, არ არის საკმარისი – აუცილებელია ობიექტური მახასიათებლები.“
ანდღულაძე საუბრობს სიმულაციურ ტკივილზეც – ზოგიერთ პაციენტს ტკივილი შეიძლება მოიგონოს დაზღვევის თანხის მისაღებად ან ემოციური მოტივით. ამიტომაც, ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია განასხვაოს ავთენტური და სიმულაციური ტკივილი.
მისი განმარტებით, სახის არეში თავმოყრილია უამრავი ნერვი, კაპილარი და სისხლძარღვი. ამიტომ, თუ ტკივილმა ნერვულ დონეზე მიაღწია, აუცილებლად უნდა გამოიწვიოს ქსოვილური რეაქცია – კანის გაწითლება, სიწითლის კვალი, შეშუპება და ა.შ.
„ფერმკრთალი კანის შემთხვევაში, კაპილარული ქსელი განსაკუთრებულად სწრაფად აქტიურდება. თუ დაზიანება მოხდა და სიწითლე აღინიშნება, ამან კვალი უნდა დატოვოს. თუ ეს კვალი არ ჩანს – უკვე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტკივილი სიმულირებულია.“
