გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, რასაც სტატისტიკური მაჩვენებლების მოწმობს — ამ პრობლემით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. ხუთიდან ოთხი შემთხვევა კი უშუალოდ გულის შეტევასთანაა დაკავშირებული.
ამ საკითხის გადასაჭრელად და რისკების თავიდან ასარიდებლად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელი შეიმუშავეს, რომელსაც გულის შეტევის პროგნოზირება 10 წლით ადრე შეუძლია. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, ეს უკანასკნელი აფიქსირებს გულის შეტევის რისკებს; არტერიების შევიწროებასა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს.
AI-ს დახმარების საჭიროება კი დღესდღეობით მედიცინაში არსებულმა ხარვეზმა განაპირობა. მიუხედავად ბევრი მიღწევისა და პროფესიონალი ექიმისა, ხშირად არტერიების შესაძლო შევიწროებისა და ბლოკირების გამოსავლენად ჩატარებული კვლევები ზუსტ შედეგებს არ იძლევა — კერძოდ, შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში. შესაბამისად, არსებობს რისკი, ექიმს მნიშვნელოვანი ფაქტორები გამორჩეს, რაც გულის შეტევის ალბათობას ზრდის.
ამჯერად მკვლევრებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. როგორც დაადგინეს, გულის შეტევის შემთხვევები იმ ინდივიდებშიც ხშირი იყო, რომელთაც, ერთი შეხედვით, შაბლონური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. ახალი AI მოდელი კი ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებს აანალიზებს. ამავდროულად, გულის შეტევის სხვა ნიშნებსაც სრული სიზუსტით შეისწავლის — სისტემამ 3 393 პაციენტზე დამოუკიდებლად შეძლო გულთან დაკავშირებული რისკების პროგნოზირება.
მოცემულ ეტაპზე ექიმები თანხმდებიან, რომ AI სისტემა მუშაობს და გულის შეტევების პრევენციისთვის მისი გამოყენება ეფექტური იქნება.