„ტელეიმედს“ და „რუსთავი 2-ს“ ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა – ComCom

2023 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით მეტია, ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 18.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წლის იმავე პერიოდს, 23.3%-ით, კერძოდ კი, 3.5 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 74% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.5%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1%-ით შემცირდა.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წლის III კვარტალში „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.3 მილიონი შეადგინა. 1.1 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2″-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 2.6 მილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება „მთავარ არხს”, გასული წლის III კვარტალთან შედარებით, მისი შემოსავალი 0.2 მილიონით შემცირდა და 1.9 მილიონი შეადგინა. 0.5 მილიონით მეტი მიიღო „პოსტვ”-იმ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი იყო. ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით გაიზარდა და 1.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.1 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა”, რომლის შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს შემოსავალიც, რომელიც 0.7 მილიონს უდრიდა. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ბი-ემ-ჯიმ” და მისი შემოსავალი 2023 წლის III კვარტალში 0.7 მილიონს გაუტოლდა. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.1 მილიონით მეტი, კერძოდ, 0.5 მილიონი ლარი მიიღო. 0.07 მილიონი ლარით გაიზარდა „პალიტრანიუსის” შემოსავალი და სულ 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
2023 წლის III კვარტალში, „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 100-დან 500 ათას ლარამდე მერყეობს, შემდეგნაირია: „დიპლომატ ჯორჯია”; „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”; „სლობოდა”; „პსპ ფარმა”; „აიდიეს ბორჯომი თბილისი”; „წყალი მარგებელი”; „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს”; „ქართული სადისტრიბუციო – მარკეტინგული კომპანია”; „კოლგეიტ პალმოლივი” და „არქი პრომოუშენი”.
„რუსთავი 2″-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთი კომპანიების ათეული, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 50-დან 500 ათასი ლარის ფარგლებში უხდიდნენ, „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „სლობოდა”, „გალფი”, „ვისოლი”, „კოლგეიტ პალმოლივი”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „შპს იმპელ დეველოპმენტი”, „ავერსი-ფარმა” და „დიპლომატ ჯორჯია” წარმოადგენენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.