საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CIF საგრანტო პროექტისა და საერთაშორისო გაცვლითი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ასისტენტ-პროფესორი ინგა ხუციშვილი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტის (University of Milan) მთიანი რეგიონების სასწავლო-კვლევით ჰაბ UNIMONT-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, მილანის უნივერსიტეტში ვიზიტის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, UNIMONT-თან მჭიდრო პარტნიორობით, მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაა, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებას, არამედ გააძლიერებს ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და კავშირებს ორ უნივერსიტეტს შორის.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ნოე ხოზრევანიძემ, იტალიელ კოლეგებთან ერთად, განიხილეს სამაგისტრო პროგრამის შემუშავების აქტუალური საკითხები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები კვლევისა და სწავლების სფეროში, მათ შორის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის შესაძლებლობები ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+-ის K1 და K2 აქტივობების ფარგლებში. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ერთობლივი საგრანტო კვლევითი პროექტების მომზადების შესაძლებლობებს და პროფესიული სასწავლო პრეზენტაციების შემუშავებას, რომელთა მიზანი მთის მდგრადი განვითარება იქნება.
სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო გაცვლითი კვირეულის განმავლობაში, სტუ-ის წარმომადგენლები UNIMONT-ის საქმიანობას გაეცნენ, დაათვალიერეს სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები და სასწავლო სივრცეები, ესაუბრნენ იტალიელ და საერთაშორისო სტუდენტებს, ასევე, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და სტაჟირების, ასევე, კურსდამთავრებულთა დასაქმების ევროპული მოდელების გაზიარების მიზნით, მოინახულეს იტალიის ალპების ედოლოს მთის რეგიონის მნიშვნელოვანი ადგილები – სტელვიოს ეროვნული პარკი (Stelvio National Park), ბორმიოს ბოტანიკური ბაღი (Bormio Botanical Garden), ჩეტოს, ჩიმბერგოს და პასპარდოს კლდის მხატვრობის რეგიონული ნაკრძალი (Regional Reserve of Rock Engravings of Ceto, Cimbergo and Paspardo), ედოლოს ჰიდროელექტროსადგური და ეწვივნენ სამთო-სათხილამურო ტურიზმის ცენტრს, შეხვდნენ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ფერმერებს და მთაში მოქმედი საწარმოების – მათ შორის მონკიერის სამთო მევენახეობისა და ღვინის ქარხნის – ახალგაზრდა სპეციალისტებს, გაეცნენ სიმინდის უძველესი ჯიშის – Mais Nero Spinoso-ს მიწოდების ჯაჭვის სპეციფიკას.
ვიზიტის დასასრულს, მილანის უნივერსიტეტის აგრარულ და გარემოსდაცვით მეცნიერებათა დეპარტამენტში (DISAA), კვირეულის შედეგების შეჯამების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულების ვიცე-რექტორს, პროფესორ პაოლა კატენაჩოს, UNIMONT-ის სხვადასხვა დეპარტამენტის და კვლევით ცენტრ Ge.S.Di.Mont-ის ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
როგორც სტუ-ის კანცლერი აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ საინტერესო იყო, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ახალი მიდგომების შემუშავებისა და ახალი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების თვალსაზრისით.
„მილანის უნივერსიტეტსა და UNIMONT ჰაბში სამუშაო ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა გავაღრმავოთ სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობა და საფუძველი ჩავუყაროთ მაღალ დონეზე ორგანიზებულ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასა და ამ მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი სპეციალისტებისა და მკვლევრების აღზრდაზე. მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ჩვენ შევძელით ახალი ხედვებისა და იდეების გენერირება, კონკრეტული ამოცანების დასახვა როგორც ერთობლივი კვლევითი ინიციატივების, ასევე, მობილობის პროგრამებისა და ცოდნის გაცვლის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მილანის უნივერსიტეტსა და UNIMONT-თან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდება. ვიმედოვნებთ, იტალიელ კოლეგებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგს მივიღებთ, რომელიც წაადგება არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთიანი რეგიონების უნიკალური გამოწვევების დაძლევას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნავს კარლო კოპალიანი.
