ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, იმპორტი კი მინიმუმამდე შემცირდა – სად ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, იმპორტი კი მინიმუმამდე შემცირდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 1,47 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, საიდანაც 103,3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ექსპორტზე 971 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიაა გატანილი, რომლის ღირებულებაც 84,3 მლნ დოლარი იყო. აქედან გამომდინარე, იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 22.6%-ით გაიზარდა.
2023 წლის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი სულ 4 ქვეყანაში მოახდინა, რეალიზების მთავარი ბაზარი კი ტრადიციულად თურქეთია, სადაც 91% გავიდა:
· თურქეთი – 94 მლნ დოლარი, 1.303 მლრდ კვტ.სთ;
· აზერბაიჯანი – 5.2 მლნ დოლარი, 86.3 მლნ კვტ.სტ;
· სომხეთი – 4.1 მლნ დოლარი, 78.4 მლნ კვტ.სთ;
· – 6930 დოლარი, 180 ათასი კვტ.სთ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი მინიმუმამდე შეამცირა. წელს ქვეყანაში 922 000 დოლარის ელექტროენერგია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 41.5 მლნ დოლარი დაუჯდა.
2023 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო:
· რუსეთი – 768 000 დოლარი (678 მლნ კვტ.სთ);
· აზერბაიჯანი – 153 000 დოლარის (3.3 მლნ კვტ.სთ).
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი შეამცირა. 2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მომავალ წელს, ქვეყნის ჯამური მოხმარება 14.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნება. 2023 წლის სიმძლავრის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით ჯამური მოხმარება 15.398 მლრდ კვტ.სთ-ზე იყო ნავარაუდევი. მომავალ წელს ექსპორტი კვლავ მაღალ ნიშნულზეა ნავარაუდევი. საექსპორტო ბაზრებზე 774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანა ივარაუდება.