გასულ ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 46 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, მათგან 32 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“2023 წლის 27 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შაჰედის ტიპის დრონებით ორი ფრონტიდან: ბალაკლავადან – ოკუპირებული ყირიმი და პრიმორსკო-ახტარსკიდან – კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია.
საერთო ჯამში, შაჰედ-136/131ის ტიპის 46 დრონი სხვადასხვა დროს, 26 დეკემბრის 19:00 საათიდან 27 დეკემბრის 3:50 საათამდე ტალღებად გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ტაქტიკური თვითმფრინავები, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.
გავანადგურეთ 32 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნიპროს, ვინიცის, ზაპორიჟიეს, ხმელნიცკის და კიროვოგრადის ოლქებში.