„თავდაცვის უწყებაში ხელშესახები და კონკრეტული შედეგები გვაქვს. ეს არის კონკრეტული ციფრები, მაგალითად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მაღალი ინტერესი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში.
ჯუანშერ ბურჭულაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშს და აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში მიღწეული შედეგები რთულად წარმოსადგენი იყო ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ძალოვანი უწყებებისა თუ სხვა მიმართულებების თვალსაზრისით. მან თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ უწყებას საერთაშორისო ურთიერთობის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა თუ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით კონკრეტული შედეგები აქვს.
„ის, რომ ჯარში წელს ჩვენ მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ 1600 სამხედრო მოსამსახურე, არის წარმოუდგენელი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. ეს არის კონკრეტული შედეგი,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან წარმოებულ მართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, აღნიშნული ძალები უწყების კონკრეტულ წარმატებულ შედეგებს ებრძვიან და, შესაბამისად, სახელმწიფოს სიძლიერეს უპირისპირდებიან. „ჯარის მომარაგება კვების, უნიფორმის და სხვა მიმართულებით შეურაცხმყოფელი ხარისხიდან მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე გადავიდა. ყველა ჯარისკაცმა იცის, რომ ეს რეალობაა თავდაცვის ძალებში. მართულ დეზინფორმაციას ჯარში არანაირი პერსპექტივა აქვს!“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.