Reuters: პუტინი მოითხოვს გარანტიას, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ნატოში არ მიიღებენ

სააგენტო Reuters-ი სამ ინფორმირებულ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის მოთხოვნაა დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების გამორიცხვას.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, პუტინის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტიც, რუსეთის საწინააღმდეგო ზოგიერთი სანქციის მოხსნა, გაყინული აქტივების საკითხის გადაწყვეტა და უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, პუტინი მზად არის მშვიდობისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჟურნალისტებმა კომენტარისთვის მიმართეს კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსის საჯაროდ განხილვას არ აპირებენ.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს დაასახელა.
საქართველოს და უკრაინას ნატოში ინტეგრაციის მიზანი თავისი კონსტიტუციებით აქვთ გამყარებული.
„ქართული ოცნების” მთავრობა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაუარესებული აქვს, ნატოს წევრობის საკითხზე საჯაროდ პრაქტიკულად, აღარ საუბრობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს