დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
დე ფაქტო პარლამენტში სხდომას 35-დან 28 “დეპუტატი” ესწრებოდა. “გადაწყვეტილებას” 25-მა მათგანმა დაუჭირა მხარი. ე.წ ოპოზიციონერებმა მას “სამარცხვინო” უწოდეს და მისი დაუყოვნებელი გაუქმება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხი ე.წ “პარლამენტს” 28 დეკემბერს უნდა განეხილა, თუმცა მოგვიანებით საკითხის განხილვის თარიღად 27 დეკემბერი ჩაინიშნა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის გახდა რომ ე.წ “ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა” საკითხის განხილვის პარალელურად, 28 დეკემბერს, საპროტესტო აქცია დააანონსეს.
ე.წ “საკანონმდებლო ორგანოსთან” საპროტესტო აქცია 26 დეკემბერს გაიმართა.