ირაკლი ფავლენიშვილი – ჩანს, რომ მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა, ბრძოლა ოლიგარქის კარზე

ცხადია, ივანიშვილს კადრების მხრივ უჭირს და მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა, ბრძოლა ოლიგარქის კარზე, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტანგ გომელაურის სახელს ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული უკავშირდება.
„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დარბევები, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპოპეა, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჩვენს თანამოქალაქეებს ასე უსწორდებოდნენ. ამიტომ, ბატონი გომელაურის „ბექრაუნდში“ სულ იქნება ეს ძალიან მძიმე დანაშაული. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს თუ „წმენდას“ ოლიგარქის კარზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო ვინ იქნება აღმსრულებელი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არავისთვის ექნება. თუმცა, ცხადია, ივანიშვილს კადრების მხრივ უჭირს და მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა და ბრძოლა ოლიგარქის კარზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი განმარტებით, ვახტანგ გომელაურის სახელს „უკავშირდება არა შტურმის აღკვეთა, არამედ უდანაშაულო, მშვიდობიანი სტუდენტების წამება და არაადამიანური მოპყრობა“.
„ივანიშვილის ბრძანებების აღმსრულებელი ვინ იქნება, სახელი და გვარი რა ექნება, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მითუმეტეს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის სადამსჯელო რეპრესიული ზომების ინსტრუქციები იქნება მიცემული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა