“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სამი წლის წინ შექმნილი უწყების გაუქმებით “ყველაფერს აბრუნებენ კონსტიტუციურ ჩარჩოში”. საუბარია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, რომელიც გაუქმდება და მისი ფუნქციებს პროკურატურა შეითავსებს.
კობახიძე ამ უწყების შექმნაზე საუბრისას კვლავ იმ შეთქმულების თეორიებს მოიხმობს, რომლის მიხედვითაც გარკვეული ძალები დასავლეთიდან საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობენ. ამ ძალებს “ქართული ოცნების” ლიდერები გლობალური ომის პარტიად, ან “დიფ სთეითად” მოიხსენიებენ. კობახიძეს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ რიგ შემთხვევებში ამ გაურკვეველ ძალებს ისინიც ემორჩილებოდნენ. მაგალითად მაშინ, როცა 20 ივნისის დარბევის შემდეგ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. დაახლოებით მსგავსი რამე თქვა მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნაზეც.
“თავის დროზე არ არსებობდა ეს სამსახური. ხელოვნურად გამოიყო. ეს იყო რაღაც ძალდატანება, აქაც, საქმე ეხებოდა სუვერენიტეტში ჩარევას და მოგვთხოვეს რაღაც ხელოვნური ორგანოს შექმნა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მოდელი. კონსტიტუციური მოდელის მიხედვით არსებობს კონკრეტული ორგანოები და ამის იქით ვერ წახვალ ჩვეულებრივი კანონმდებლობით, ანუ კონსტიტუციის ქვემდებარე კანონმდებლობით. ამ მოდელის მიხედვით არის აღმასრულებელი სტრუქტურები, არის პროკურატურა და ის ფუნქციები, რომლებიც გადანაწილდა შემდეგ ამ სამსახურზე. კონსტიტუციის მიხედვით, არის პროკურატურის და მთავრობის კომპეტენციის სფეროში. ყველაფერს ვაბრუნებთ კონსტიტუციის ჩარჩოში”, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რაც შეეხება ამ უწყების სანდოობის შესახებ კითხვებს, კობახიძემ ამას “ცარიელი სპეკულაციები” უწოდა. მან თქვა, რომ ვერავინ გაიხსენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებულ საქმეს, რომელსაც “ოპოზიციამ ან NGO-ემა” ნდობა გამოუცხადეს. თუმცა, მას არ უთქვამს, რომ არა თუ ოპოზიცია, ან NGO-ები, არამედ ვერავინ გაიხსენებს პოლიციელების მიერ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებზე ძალადობის ერთ საქმესაც კი, რომელიც უწყებამ გამოუძიებია მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოიძია. ასეთი საქმე უბრალოდ არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლბაში ასობით ადამიანმა ისაუბრა პოლიციელებს მხრიდან ძალადობაზე და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, ასევე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოძიებაც. თუმცა, უწყებას ხელშესახები შედეგები არც ამ მიმართულებით აქვს. ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებისა, რომლის გამოც უწყების არაეფექტიანობაზე საუბრობენ. “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ კი საგამოძიებო სამსახური ფორმალურადაც გაუქმდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2022 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამ უწყების ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა – საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია შეიქმნა.
