„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა

თბილისში, გორგასლის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა – კვლავ ისმოდა საპროტესტო შეძახილები, მათ შორის „ცეცხლი ოლიგარქიას“. აქციაზე იყვნენ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრებიც.
„აქ მოსვლა იმიტომ გადაწყდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააყალბა და ყველაფერი უბედურება რაც ხდება ქვეყანაში, არის მისი ბრალი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ძლიერი წვიმაში სიტყვით გამოსვლების შემდეგ მათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
თითქმის ექვსი თვეა თბილისსა და ბათუმში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც პარტია აღარ დააყენებს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ფორუმი