„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – როგორც ყაველაშვილის პრესსამსახური წერს, ეს წერია ტრამპისგან გამოგზავნილ წერილში.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქართველ ხალხს მიულოცა. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირი უპირატესობა, დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა Deep State-ს“.
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
საჯარო წერილიც უპასუხოდ დარჩა.
კობახიძემ 21 მაისს თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
მან კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“ წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
შეერთებულ შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქციები დაუწესა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და ბოლოს – მილიარდერ ექსპრემიერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ფორუმი
