გიორგი ვაშაძე მოსამართლეს – მეათე შკალაზე „აარტყა“ თქვენი შიშის ზღვარმა, იმ დონეზე შეგეშინდათ სასამართლოში წულუკიანის მოსვლის, რომ „საპროცესო კოდექსი“ შეცვალეთ – წადით, დაისვენეთ, შიშები დაიწყნარეთ, „კლანი“, ალბათ, დასასვენებლად გაგიშვებთ

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა. აღნიშნულით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, შეწყდეს ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნა.
მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანათ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, პროკურატურამ კი პირიქით, აღნიშნული პირების დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხვა მოითხოვა.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ შემთხვევაშიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე თეა წულუკიანის და კომისიის წევრების დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
მოსამართლის ამ პოზიციის გამო დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბექა ბასილაიამ სხდომაზე განმარტა, მოსამართლის ამ განცხადებით ჩანს, რომ ის საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობს, შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მოსამართლის აცილების თაობაზე.
„ვალდებული ვარ აცილების შუამდგომლობა დავაყენო. აღმოჩნდა, რომ სასამართლო საქმის მასალებს არ იცნობს. გასაგებია, რომ მოსამართლე დავალებას ასრულებს, მაგრამ მინიმუმ უმჯობესია საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც მასალებს იცნობს. თქვენ თქვით, რომ თქვენთვის უცნობია, რატომ უნდა დაიკითხოს წულუკიანი. კორექტული სიტყვა მინდა ვთქვა და არ მინდა ვთქვა, თავს ისულელებს სასამართლო-თქო, მაგრამ სასამართლო თვალს ხუჭავს იმაზე, რაც საქმეში დევს. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ობიექტური გადაწყვეტილება. სჯობს, რომ აიცილოთ საქმე“, – მიმართა ბასილაიამ მოსამართლე ნატო ხუჯაძეს.
ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავად „შოკირებულია“ მოსამართლის პოზიციით, რომ ის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თეა წულუკიანის დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„მართლა შოკირებული ვარ. დღეს თქვენ, თქვენი სიტყვით ყველას წინაშე თქვით, რომ ახალი საპროცესო კანონმდებლობა არსებობს. როდის აქეთ ხდება, რომ მოწმის სურვილზეა დამოკიდებული, დასაკითხად მოვა თუ არა? ეს საიდან მოიტანეთ. ამ სასამართლოზე ყველანაირი წარმოდგენა არსებობს, მაგრამ ეს მართლა შოკისმომგვრელია. მეათე შკალაზე „აარტყა“ თქვენი შიშის ზღვარმა. იმ დონეზე შეგეშინდათ წულუკიანის მოსვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზეპირსიტყვიერად შეცვალეთ. ეს რა თქვით, საერთოდ. თქვენ რამე სხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ხომ არ გაქვთ, რომ თურმე მოსამართლე უნდა ეხვეწოს მოწმეს მოდით, დაკითხვაზეო? ქალბატონო ნატო, ეს წარმოუდგენელია, ასე გეშინიათ წულუკიანის? თქვენ უფრო გეშინიათ წულუკიანის, თუ წულუკიანს ეშინია სასამართლოში მოსვლის? კომიკურობის ზღვარს სცდება ეს ყველაფერი.
[აუცილებელია] თქვენი აცილება. წადით, დაისვენეთ. შიშები დაიწყნარეთ, „კლანი“ დასასვენებლად გაგიშვებთ, ალბათ. იქნებ ფორმალურად მაინც მოვიდეს სხვა მოსამართლე, რომ ფორმალობა მაინც დავიცვათ.
პირველი, ეს საქმე უნდა შეწყდეს, პარლამენტი არის არალეგიტიმური. მეორე – კომისიაში ვის ხედავთ ოპოზიციონერს? … საქმე არის პოლიტიკური და უნდა შეწყდეს. ბიძინა ივანიშვილმა, კობახიძის და ვიღაცების დაჯგუფებამ ყველა გაქციათ დავალებების შემსრულებლებად. „ბაბილოში“ თქვენც ბანერის ქვეშ შეძრომა მოგიწიათ, თუ პირდაპირ მიხვედით? რა დონემდე დაგიყვანათ ივანიშვილმა, რომ მოსამართლე ასოცირებულია ქეიფთან და ბანერის ქვეშ შეძრომასთან. მეც მრცხვენია. წულუკიანის მოყვანის რისი გეშინიათ? ან იმას რისი ეშინია, ხომ არ შევჭამთ. თქვენ თვენი სიტყვით დაადასტურეთ, რომ თურმე მას სასამართლოში მოსვლის ეშინია“, – მიმართა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს მ.
დაცვის მხარის პოზიციაზე, კომისიის წევრთა გამოკითხვისა და მოსამართლის აცილების შესახებ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ „ეს არის სასამართლოზე განაწყენებული დაცვის მხარის პოზიცია“.
თავად მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი, მისი აცილების თაობაზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან სხდომაზე განმარტა, აღნიშნული შუამდგომლობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.