ევროკავშირი მიესალმება სერბეთის გადაწყვეტილებას აღიაროს კოსოვოს საავტომობილო ნომრები

ევროკავშირი მიესალმება სერბეთის გადაწყვეტილებას აღიაროს კოსოვოს საავტომობილო ნომრები. ამის შესახებ განცხადებას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელი, პეტერ სტანო “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“კოსოვო/სერბეთი: ევროკავშირი მიესალმება სერბეთის გადაწყვეტილებას ოფიციალურად აღიაროს კოსოვოს მიერ გაცემული კოსოვოს რესპუბლიკის საავტომობილო ნომრები. პოზიტიური ნაბიჯია ნორმალიზაციისკენ გზის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაში, ისევე როგორც წარსული დიალოგების შედეგად მოძრაობის თავისუფლების შესახებ ვალდებულებების იმპლემენტაციაში.ეს აჩვენებს, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. ეს ასევე სწორი მიმართულებით ნაბიჯია დასავლეთ ბალკანეთის უკეთესი რეგიონალური და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზაზე, რაც საბოლოო ჯამში რეგიონის მცხოვრებლებისთვისაა სარგებლიანი,” – წერს სტანო.
სტანო აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კოსოვოს ხელმძღვანელობისგან იგივე ნაბიჯს ელის.
ცნობისთვის, აქამდე სერბეთსა და კოსოვოს შორის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ისეთ ავტომობილებს შეეძლო, რომლებსაც საავტომობილო ნომრებზე ეროვნული სიმბოლიკა დაფარული ჰქოდნათ.