“საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლში გვევლინება” – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრი Jamestown Foundation-ი აქვეყნებს. სტატია 26-27 ოქტომბერს თბილისში გამართულ “აბრეშუმის გზის ფორუმს” ეხმაურება და, ამ ჭრილში, საქართველოს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიატორის როლს წარმოაჩენს.
სტატიის ავტორის თქმით, “თბილისის პლატფორმა” მისაღებია როგორც ბაქოსთვის, ისე ერევნისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს მიერ ფასილიტატორის როლის შესრულებას.
“შესაძლებელია, ახლა მართლაც შესაფერისი დროა იმისთვის, რომ საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს” – ვკითხულობთ სტატიაში. ავტორის თქმით, წარსულში საქართველომ მართლაც შეძლო მედიატორის ფუნქციის შესრულება: 2021 წლის ივნისში, თბილისის შუამავლობით, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა; 2021 წლის 25 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა წარადგინა, ხოლო 2022 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერებს უმასპინძლა.
სტატიის ავტორის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგებისკენ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა გულწრფელია, ვინაიდან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეასუსტებს რუსეთის გავლენას და, შესაბამისად, გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებასაც.