“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირების ერთობლივ განცხადებას ე.წ. დიპ სტეიტით ხსნის.
დიპ სტეიტი (ზოგჯერ გლობალური ომის პარტია) არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლითაც პარტია მის ქმედებებზე კრიტიკას ხსნის ხოლმე.
“ევროპაში მძლავრობს დიპ სტეიტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია რომ 26 მაისს არ გაავრცელო განცხადება. 26 მაისს მიღებულია საზეიმო განცხადებების გავრცელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე ასევე ირწმუნება, რომ ის, რაც მას ალბანეთში უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა (15-წამიანი გასაუბრებისას) თავისი არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გუშინ გავრცელდა.
“აქედანაც ჩანს რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში”, – თქვა კობახიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“ჩვენ გვსურს ქართველ ხალხს გადავცეთ გზავნილი, რომელიც შეიცავს მეგობრობასა და სოლიდარობას და კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.
ამიტომაც, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე.
შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
ცნობები გადაჭარბებული ძალადობის შესახებ უნდა გამოიძიონ.
კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს. საჭირო რეფორმების პროცესი ახლიდან უნდა დაიწყოს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აღადგინონ დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
„ოცნებას“ ამ ბრალდების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს, ვინ არის “გლობალური ომის პარტიის” ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
