ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, გაცვალეს თუ არა ბაჩიაშვილი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში

ირაკლი ეხმაურება საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი შესაძლოა გაიცვალა ზურაბ პოლოლიკაშვილის პოსტში. მისი თქმით, ამაზე საუბარი “მრავალმხრივ შეურაცხმყოფელია”.

“ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მან არ უპასუხა დამატებით კითხვებს ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, თქვა, რომ შეიძლება იცოდეს მეტი, ვიდრე საზოგადოებამ, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაა.

“დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივი სახელმწიფო უსართხობეის სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე, ზოგადად, შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება”, – განაცხადა კობახიძემ.

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს, ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა.

საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ “ქართულმა ოცნებამ” გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაუცვალა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის კანდიდატურაში.