„ბაზარზე ბევრად მეტი ავტომობილია გასაყიდად დაგროვილი, ვიდრე მათი შეძენის მსურველია“

საქართველოში ავტომობილის გასაყიდი ფასები, ბოლო თვეებში, დაწეულია და ზოგიერთი ავტოდილერი მანქანას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი ყიდის, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევამ გამოიწვია, კერძოდ, ბაზარზე ბევრად მეტი ავტომობილია გასაყიდად დაგროვილი, ვიდრე მათი შეძენის მსურველია.
„ვიდრე ავტომობილს მყიდველი გამოუჩნდება, მოვაჭრეებს გარკვეული საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებათ, შესაბამისად, იძულებულნი ხდებიან, მანქანა იაფად გაყიდონ, ფაქტობრივად, თვითღირებულებაში“, – განმარტა ალექსი ნონიაძემ.
მან 2023 წელიც შეაჯამა და თქვა, რომ წელს საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი განსაკუთრებით მზარდი იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებში. კერძოდ, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. მიმდინარე წელს ავტომობილები იყიდებოდა ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზეც, კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
„ჯამში, საექსპორტო კუთხით, მზარდი მაჩვენებლები ფიქსირდება. შემოსავლების მიხედვით, 2023 წელი ბოლო წლებში საუკეთესო იყო, ხოლო რაოდენობის თვალსაზრისით, დავეწიეთ 2019 წლის მაჩვენებლებს და ოდნავ გავუსწარით“, – განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ბოლო წლებში, ავტო ვაჭრობის კუთხით განსაკუთრებით გააქტიურდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, თითქმის, 2 მილიარდი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35%-ს შეადგენს.

bp.ge