პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუნმენტი 28 500 000 000 ლარია. ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ხელფასებისა და პენსიების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისათვის, ონკოპაციენტების დახმარება, უსახლკარო ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა.
ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიციის ნაწილი.
“ბიუჯეტში არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგმული, ცალკეული საკითხებით, დაწყებული პირობითად სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში პოზიტიური წინსვლებით, გაგრძელებული საჯარო მოხელეებით ხელფასების ზრდით და ამ მიმართულებით პროგრესისა, არის ამავე პოზიტიურ ნაბიჯებში ისე გაკეთებული პროექტები და პროგრამები, რომლებიც არ არის სამართლიანი. მაგალითად, როდესაც ერთიანი ზოგადი წესით საჯარო მოხელეებს უზრდი ხელფასს, არ უნდა გექმნებოდეს მოცემულობა, სადაც კეთილსინდისიერი თანამშრომელი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება ქვეყანას კეთილსინდისიერად, თავის გვერდზე ხედავს პარტიულ აქტივს, რომელიც დღეგამოშვებითაც არ დადის სამსახურში,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.
მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტი არამიზნობრივად არის გაწერილი და არ ეფუძნება იმ რეალურ პრიორიტეტებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
„ეს არის პოლიტიკური, წინასაარჩევნო, ხელგაშლილი ბიუჯეტი, ყველას ყველაფერი რომ ემატება, ბიუროკრატიაა, უამრავი შტატგარეშე ადამიანები შეიძლება აიყვანონ. ასევე, 800 ადამიანით შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობით იზრდება, ფული განუსაზღვრელი ოდენობით ძალოვნებს, და ერთხელ მომატებულს კიდევ 5 ლარი წაუმატეს სულს. ასევე, ისეთი პროექტების დაფინანსება, სადაც ძირითადად „ქართული ოცნების“ ბიზნესი მონაწილეობს,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია და ქვეყნის საჭიროებებს სრულად არის მორგებული. პარტია “ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5.2%-ით ზრდას ელოდებიან.
“2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ გათვლით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 5,2% – ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მიდის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები, ომის ქარ-ცეცხლშია ნახევარი მსოფლიო გახვეული და ეს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამის გამო, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 85 მილიარდ ლარზე მეტი იქნება ეს ყველაფერი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.