აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მაისს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომელთა მიზანიც ბირთვულ ენერგიაზე რეგულაციების შემსუბუქება და ამ მხრივ წარმოების გაფართოებაა.
ბრძანებები მიზნად ისახავს, რომ ენერგეტიკის დეპარტამენტში ბირთვული ენერგიის კვლევის რეფორმა გატარდეს; დაისახოს გზა, რათა ენერგეტიკის დეპარტამენტს საშუალება მიეცეს, ფედერალური მთავრობის მფლობელობაში არსებულ მიწებზე ბირთვული რეაქტორები აშენდეს; გარდაიქმნას ბირთვული რეგულირების კომისია და გაფართოვდეს აშშ-ში ურანის მოპოვება და გამდიდრება.
საბოლოოდ, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ახალი რეაქტორების ნებართვების გაცემაზე სარეგულაციო პროცესის გამარტივებითა და საწვავის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებით, აშშ-ში ბირთვული ენერგიის ინდუსტრიის გამოცოცხლება მოხდება.
ტრამპის გვერდით დოკუმენტებზე ხელმოწერის პროცესს ესწრებოდა ბირთვული ენერგიის კომპანიების რამდენიმე მთავარი აღმასრულებელი დირექტორიც, ასევე თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაგ ბერგამი.
ხელმოწერამდე ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ფედერალურ მიწებზე ბირთვული რეაქტორების აშენების ნებართვის აღმასრულებელი ბრძანება ნაწილობრივ მიზნად ისახავს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გააჩინა.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გამო ენერგეტიკაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ტრამპმა მეორე ვადით პრეზიდენტობის დაწყების პირველივე დღესვე ენერგეტიკის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: tabula.ge
