უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულება დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნდა 390 ადამიანი. მათ შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ისე სამხედროები.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინა და რუსეთი გაცვლიან 1000-1000 ტყვეს. ზელენსკის ინფორმაციით, ეს პროცესი ხვალ გაგრძელდება და ზეგ, 25 მაისს დასრულდება.
“დღეს 390 ადამიანი დაბრუნდა სახლში. ორივე – როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. ხვალ და ზეგ შემდეგი ნაკადი დაბრუნდება. ფორმულა არის “ათასი ათასზე”. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინა იბრუნებს თავის ხალხს სახლში. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოში ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა. და როგორც ამაში მივაღწიეთ წარმატებას, ასეთივე წარმატებას უნდა მივაღწიოთ ყველაფერში. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. საჭიროა დიპლომატიური ნაბიჯებიდან რეალურ მშვიდობამდე მისვლა. საჭიროა ახალი და ეფექტური უსაფრთხოების არქიტექტურა. ჩვენ ვაერთიანებთ პარტნიორებს ამის მისაღწევად. ცხადია, დროა ზეწოლის გაზრდა რუსეთზე, რათა მივაღწიოთ არა მხოლოდ ერთჯერად შედეგს, არამედ ყველაფერს, რაც აუცილებელია. როცა რუსეთს მთელი კვირა სჭირდება ე.წ. მემორანდუმის შესამუშავებლად, როგორც მათი პასუხისა ცეცხლის შეწყვრტის შეთავაზებაზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა მთელი მსოფლიოს დაცინვა. საკმაოდ ბევრი დრო გაიფლანგა. ამ ომის ყოველ დღეს სიცოცხლის ფასი აქვს. რა თქმა უნდა, რუსეთში გარდაცვლილებს არ ითვლიან. მაგრამ, მსოფლიომ უნდა დაითვალოს ისინი. საჭიროა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში მხარს მიჭერს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში შეხვედრის მიზანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება იყო. თუმცა, მხარეებმა მხოლოდ მასშტაბულ ტყვეთა გაცვლაზე მოახერხეს შეთანხმება.
სტამბოლში, პირისპირ შეხვედრის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. მან ეს იდეა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ევროპელი ლიდერებმა მას შესთავაზეს ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტა, სანაცვლოდ კი სანქციების გამკაცრებით დაემუქრნენ. საპასუხოდ, პუტინმა თქვა, რომ სურს პირისპირი მოლაპარაკებები უკრაინასთან ყოველგვარი დათქმების გარეშე.
საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ არსებობს მოლაპარაკების მზაობა საჭიროა ცეცხლი შეწყდეს დაუყოვნებლივ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აზრი არ აქვს ადამიანების დახოცვის გაგრძელებას, თუ მოლაპარაკება შესაძლებელია. გარდა ამისა, ზელენსკი თავადაც ჩავიდა სტამბოლში და განაცხადა, რომ ელოდება პუტინს პირისპირ შესახვედრად.
რუსეთი არც ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა – პირიქით, მან გააგრძელა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ამ დისკუსიის პარალელურად და არც თავად პუტინი არ ჩავიდა სტამბოლში.
თუმცა, მოლაპარაკება მაინც გაიმართა. უკრაინის 12-კაციან დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის 11-კაციან დელეგაციას — ვლადიმერ მედინსკი, პუტინის თანაშემწე.
სტამბულში იმყოფებოდნენ აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები. თუმცა, რუსეთის მოთხოვნით, ისინი მოლაპარაკებებს არ დასწრებიან.
