20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი. ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გმობს ჟურნალისტის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას.
უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 45 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კი ახსნა-განმარტების გარეშე, კანონის ბუნდოვანი ჩანაწერით აუხსნეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. მას არ აქვს წვდომა თბილისში დატოვებულ პირად ნივთებზე.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აღნიშნავს, რომ უილ ნილის საქართველოში არ შემოშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ მასალას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების მხრიდან „ცილისწამებლური კამპანია“ მოჰყვა.
მიმდინარე წლის 31 მარტს ბრიტანულმა Byline Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე. Hunnewell Partners-ი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის კომპანიაა. მისი საკუთრებაა ტელეკომპანია „იმედიც“.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა გაანახლდება.
