ქვეყანაში საერთაშორისო აკრედიტაციის 6 უცხოური კომპანია შემოვიდა

ქვეყანაში 286 კლინიკაა, მათთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების მიზნით კი ბაზარზე 6 მააკრედიტებელი ორგანოა შემოსული. ამ სიტუაციაში ფასები დასტაბილურდა და ყველა ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციას თითქმის ერთსა და იმავე ფასად სთავაზობს, რაც კატასტროფული თანხა არაა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „აკრედიტაცია კანადა,“ რომლის წარმომადგენელიც თავადაა, ამ ეტაპზე 12 კლინიკასთან თანამშრომლობს.
მისი განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტაციის სხვადასხვა მოდელია. საფრანგეთში, მაგალითად, არსებობს სახელმწიფო აკრედიტაცია ჰოლანდიაში კი ეს სისტემა მთლიანად „აკრედიტაცია კანადას“ აქვს ჩაბარებული, იტალიაშია არსებობს სახელმწიფო სავალდებულო აკრედიტაცია, მსურველებს კი შეუძლიათ ისარგებლონ კერძო მააკრედიტებელი ორგანიზაციის მომსახურებით, რაც ნებაყოფლობითია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ თურქეთს, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები თავად ირჩევენ მააკრედიტებელ ორგანიზაციას, სახელმწიფო კი თანადაფინანსებით იხდის აკრედიტაციის ტარიფის 90%-ს.
ფხაკაძის თქმით, წლის ბოლომდე ყველა სტაციონარს უნდა ჰქონდეს კონტრაქტი მააკრედიტებელთან.
„მჯერა, რომ ერთ წელიწადში მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს. ხარისხიანი ჯანდაცვა არაა ფუფუნება, ესაა უფლება,“ – განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება.
jandacva.ge