ბანკებმა ხელოვნურად დაიწყეს მიწოდების შემცირება, რითაც შეამცირეს დეველოპერული პროექტები – გივი კორინთელი

„ბანკებმა ხელოვნურად დაიწყეს მიწოდების შემცირება“ – ამის შესახებ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა დეველოპერული პროექტების საკრედიტო პორტფელის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ აგვისტოში დაიდო კვლევები იმის შესახებ, რომ მიწოდება გადააჭარბებდა მოთხოვნას, შესაბამისად, ბანკებმა მისი დაკორექტირება თავადვე დაიწყეს.
ცნობისთვის, კვლევების მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები აპრილში წლიურად 2.6%-ით შემცირდა. „ქოლიერსის“ მიხედვით, 2025 წლის აპრილში დედაქალაქში 3 256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში ბაზრის ზომა 6.6%-ით, 244 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
ამასთან, „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ დაადასტურა, რომ ბოლო 2-3 თვეა მათთანაც შედის სამშენებლო ბიზნესი წინადადებით, „ყველა ახალი პროექტის დაფინანსება საბანკო სექტორმა გააჩერა“.
“ბანკების კვლევით ორგანიზაციებს ჯერ კიდევ აგვისტოში ჰქონდათ მონაცემები იმ ჭარბ მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსალოდნელი იქნება წელს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამშენებლო ნებართვა გაიცა შარშან და შარშანწინ. შესაბამისად, ბანკებმა ფაქტობრივად, ხელოვნურად დაიწყეს მიწოდების დაკორექტირება, შემცირება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მიწოდების შემცირება მთლიანად ბანკებიდან არის გამოწვეული. მათ აგვისტოდან დაიწყეს, დეველოპერული პროექტების დაფინანსებაზე უარის თქმა. ამიტომ, მათი როლი ძალიან დიდია ამ პროცესში, მიწოდებაც და მოთხოვნაც მათ ხელით დაბალანსდა. მათ ხელოვნურად შეამცირეს დეველოპერული პროექტები. იმიტომ, რომ მოგახსენებთ, ასეთი პროექტების 90%-ზე მეტი, თითქმის ყველა, ბანკების დაფინანსებით ხორციელდება და მათი ნებისმიერი ქმედება პირდაპირ ჰპოვებს ასახვას“,- ამბობს გივი კორინთელი.
კითხვაზე, ბანკების მიერ დეველოპერული პროექტების სიჭარბე მათთვის წარმოადგენს თუ არა რისკს, გივი კორინთელი ამბობს რომ – დიახ.
„რა თქმა უნდა, რისკია იმიტომ, რომ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, თუ დეველოპერი ვერ დაასრულებს კონკრეტულ პროექტს ბანკი არის პასუხისმგებელი მის დასრულებაზე. შესაბამისად, როდესაც ბანკი და მისი ქვემდებარე კვლევით კომპანიები აკეთებენ კვლევას, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ მიწოდებამ შესაძლოა მოთხოვნას გადააჭარბოს, ისინი აქ თავისთავად აკეთებენ კორექტირებას. მათ ნამდვილად არ უნდათ ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როდესაც შესაძლოა, რამდენიმე პროექტის დასრულება თავად მოუწიოთ. ცალსახაა, რომ ბანკები არიან პირველი კატალიზატორი, ვინც გამოიწვია არსებული ვითარება დეველოპერულ ბაზარზე“,- ამბობს გივი კორინთელი.
www.bpn.ge