„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრომ სტუდენტებისთვის თემატური ახალგაზრდული ბანაკი გახსნა, სადაც ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ სპიკერებად მიწვეული.
სახელმწიფო დაწესებულების, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე – გლობალიზაცია და საერთაშორისო დღის წესრიგი, მედიაცია და კონფლიქტების მართვა, ახალგაზრდული შესაძლებლობები და პროექტების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა. სწორედ ეს სააგენტოა აღნიშნული ბანაკების ორგანიზატორი.
თემატური ახალგაზრდული ბანაკი აპრილის ბოლოს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა. გახსნაში მონაწილეობა მიიღეს “ოცნების” განათლების და იუსტიციის მინისტრებმა ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ.
2025 წელს თემატური ბანაკი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის გარდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზეც ეწყობა. წელს თემატური ბანაკი რვა ნაკადად ჩატარდება და ჯამში 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
სწორედ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იყვნენ მიწვეული ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუდენტებთან სასაუბროდ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყნების (ან საერთაშორისო ორგანიზაციების) საელჩოების წარმომადგენლები ახალგაზრდული ბანაკში ჯერჯერობით არ მიუწვევიათ.
როგორც ნეტგაზეთს ჩინეთის საელჩოში განუცხადეს, მათი წარმომადგენლები ახალგაზრდებს ჩინეთის ტრადიციებსა და კულტურაზე, ასევე ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ისტორიაზე ესაუბრნენ.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ მიიწვიეს ახალგაზრდებთან სასაუბროდ მხოლოდ ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები და არა სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბანაკში თემები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ირჩევა და ჩინეთის მიმართაც დაინტერესება სწორედ ახალგაზრდებისგან მოდიოდა.
„ბანაკების მიზანი არის ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გზით სხვადასხვა ტიპის კომპეტენციების ამაღლება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გვყავს ჩართული. ზოგადად ახალგაზრდებიც ითხოვენ, მათი ინტერესის სფეროსაც ვითვალისწინებთ და მაგის მიხედვით ვიწვევთ ხოლმე სპიკერებს.
ჩინეთის მიმართაც იყო ინტერესი და საკმაოდ საინტერესო დისკუსია იყო. ძირითადად [აინტერესებდათ] კულტურული მიმართულება, ტრადიციები… ჩინეთის გარდა ჯერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არ ყოფილა ბანაკში, თუმცა ვგეგმავთ და მოვიწვევთ“, – განაცხადა ვახტანგ ბააკაშვილმა.
კიდევ რომელი ქვეყნების წარმომადგენლების მიწვევას აპირებენ ახალგაზრდულ ბანაკში ვახტანგ ბააკაშვილი ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობს. თუმცა, როგორც მან ნეტგაზეთთან განაცხადა, ახალგაზრდებმა ინტერესი გამოხატეს ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის მიმართაც.
„ბევრი ქვეყნის მიმართ არის ინტერესი, მათ შორის ევროპის და ამერიკის მიმართ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ ახალგაზრდების ინტერესებს“, – განაცხადა ვახტანგ ბააკაშვილმა.
როგორც ვახტანგ ბააკაშვილი აცხადებს, ბანაკში მიწვეული სპიკერები შესაბამისი თემებისა და კვალიფიკაციის მიხედვით ირჩევიან.
მაგალითად, ასეთ სპიკერებში მოხვდა შოთა თხელიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „42°პარალელის“ ანალიტიკოსი იყო.
ახალგაზრდობის სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შოთა თხელიძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე – ,,გლობალური უსაფრთხოება ტრანზიციულ საერთაშორისო სისტემაში“.
ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მკვეთრად ძლიერდება. 2023 წელს გაფორმდა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. რასაც მოჰყვა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება.
გარდა ამისა, საქართველო თანამშრომლობს ჩინურ კომპანიებთან. მაგალითად, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ China Communications Construction Company Limited (CCCC) „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენებისთვის შეარჩია. ამ კომპანიას 2021 წლის ივნისიდან აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული.
სულ ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩინური ენის სასკოლო სასწავლო გეგმაში დანერგვის შესახებ განაცხადა.
