ევროკავშირის დელეგაციის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს – ევროკავშირის საელჩო

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. მას უარი საქართველოში შემოსვლაზე 21 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც აქვს საქართველოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია მივლინების ადგილას დაბრუნება“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
გუშინ, 22 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საიმონ ვანდერბრუკს, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, მიზეზების შესახებ მათი პასუხების მოსასმენად. კომენტარების მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.