საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ წევრის, გიგა სოფრომაძის ინფორმაციით, თანათავმჯდომარე, კახი სამხარაძე აღნიშნულ ორგანიზაციას ტოვებს

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ წევრის, გიგა სოფრომაძის ინფორმაციით, თანათავმჯდომარე, კახი სამხარაძე აღნიშნულ ორგანიზაციას ტოვებს.
როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, პროფესიული კავშირი უახლოეს დღეებში თავიდან წარადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს.
„დღეს გაიმართა „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78 -ე მუხლის“ დამფუძნებლების შეხვედრა და მიღებული იქნა რამდენიმე, მათ შორის მძიმე გადაწყვეტილება: ორგანიზაციის მმართველობაზე პასუხისმგებელ პირებთან შეუთანხმებელი მოქმედებების, პირადი მიზნებით ორგანიზაციის სხვადასხვა გაერთიანებებში გაწევრიანების, ერთპიროვნულად შედგენილი და საჯაროდ გავრცელებული განცხადებების; პარტნიორ ორგანიზაციებთან და პოტენციურ წევრებთან პროფესიული კავშირის სამუშაო ჯგუფების რეპუტაციის შელახვის; ჩვენი კავშირის, მისი დამფუძნებლებისა და მმართველი პირების ნაწილის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური და ღირსების შემლახველი ინფორმაციების გამო, კახი სამხარაძე აღარ იქნება აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის მერვედ წარდგენილ სადამფუძნებლო დოკუმენტებში, როგორც დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.
დამფუძნებლების მიერ დაფიქსირებული მოსაზრებების შემდგომ, ორგანიზაციის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო თავად კახი სამხარაძემ.
პროფესიული კავშირი უახლოეს დღეებში თავიდან წარადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით სოციალურ ქსელებში პროფესიული კავშირის გვერდებსა და ჯგუფებს ერთპიროვნულად აკონტროლებს კახი სამხარაძის ნდობით აღჭურვილი პირი, ვიმედოვნებთ, რომ გათვალისწინებული იქნება დამფუძნებელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პროფესიული კავშირის სოციალური პლატფორმები დაუბრუნდება ორგანიზაციას.
კრებას 36 დამფუძნებლიდან ესწრებოდა 28 ადამიანი, გადაწყვეტილებები მიღებული იქნა 27 მომხრე, 1 წინააღმდეგი.
ჩვენი მიზანია საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ და ჯერ კიდევ დასაქმებულ ადამიანებს შევთავაზოთ მათი უფლებების დაცვის რეალური და ეფექტური მეთოდები, რომელიც ეფუძნება ცოდნას, გათვლილ ნაბიჯებს, პასუხისმგებლობას და არა მხოლოდ ემოციებსა და ფუჭ, დამაზიანებელ მოწოდებებს.
ჩვენ ვრჩებით ჩვენი ქვეყნის, მისი კონსტიტუციისა და ამ კონსტიტუციის ერთგული თითოეული ადამიანის გვერდით“,- წერს გიგა სოფრომაძე.